მედია: ბათუმის ბულვარში ახალი ტრენაჟორების დამონტაჟებაზე რუსი მოქალაქეები მუშაობენ

ბათუმის ბულვარში ახალი ტრენაჟორების დამონტაჟებაზე ს მოქალაქეები მუშაობენ. ამის შესახებ გამოცემა “ბათუმელები” წერს. მათი ინფორმაციით, ბულვარში ახალი ტრენაჟორების დამონტაჟება წინა წლის ბოლოს დაიწყო და დღემდე გრძელდება.
“ბათუმელებს” აღნიშნული ფაქტი გასული წლის დეკემბერში და განმეორებით დღესაც დაუდასტურეს. ანბანის კოშკის გასწვრივ სამუშაო ობიექტზე მყოფმა მუშებმა რუსულ ენაზე განაცხადეს, რომ ისინი “ს მერიის დაკვეთას ასრულებენ” და ბულვარში ამის გარდა “კიდევ ერთი ობიექტი აქვთ”. ერთ-ერთმა კი თქვა, რომ ის საქართველოში რვა თვის წინ ჩამოვიდა.
ბათუმის ბულვარის მიერ გამოცხადებულ „არსებული სავარჯიშო მოედნების რეაბილიტაციის სამუშაოების სახელმწიფო“ ტენდერში კომპანია “ნიუ სთაილმა” გაიმარჯვა, რომელთანაც ხელშეკრულება 2023 წლის 14 ნოემბერს გაფორმდა.
“ნიუ სთაილის” დირექტორმა გიორგი ფუტკარაძემ, თავდაპირველად, კითხვებს არ უპასუხა, შემდეგ კი აღნიშნა, რომ მისთვის უცნობია ქვეკონტრაქტორს ვინ და რა ნიშნით ჰყავს დაქირავებული სამუშაოს შესასრულებლად.
“ნიუ სთაილი პასუხისმგებელია იმ სამუშაოებზე, რაც ბულვარში მიმდინარეობს. “ნიუ სთაილს” რა ურთიერთობაც აქვს სხვა კომპანიებთან, ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა. ჩვენ უცხოელებთანაც ვთანამშრომლობთ… სამუშაოების გამოცდილება ბათუმში “იმპექსს’აქვს და შევუკვეთეთ რკინის კონსტრუქციის მოწყობა. შესაბამისად, რაღაც ეტაპზე “იმპექსის” თანამშრომლები არიან ობიექტზე. ხელფასსაც “იმპექსი” იხდის.” – განაცხადა ფუტკარაძემ.
შპს „იმპექსის“ ერთპიროვნულმა მფლობელმა, არჩილ აბულაძემ კი განაცხადა, რომ მასთან რუსეთის მოქალაქეები არ მუშაობენ.
“რუსეთის მოქალაქეები არ არიან, უკრაინის მოქალაქე არის რამდენიმე, ერთ-ერთი მყავს დანიელ ხიქარიშვილი. ვიდეოზე რას ამბობენ არ ვიცი, ჩემთან მუშაობენ უკრაინელები, ბელორუსები, სხვადასხვა ერის ადამიანები, მათ შორის ქართველები. თქვენთან ვინ რას ამბობს ეგ არ ვიცი”, – ამბობს აბულაძე.
ბულვარის ადმინისტრაციამ ძველ ბულვარში არსებული სავარჯიშო მოედნების რეაბილიტაციაზე ტენდერი გასული წლის ივლისში გამოაცხადა. სატენდერო თანხა 404 ათას 068 ლარი იყო. მაშინ ტენდერში შპს “გეოლოდმა” გაიმარჯვა, რომელიც შემდეგ დისკვალიფიცირებული იქნა. ამ კომპანიის დისკვალიფიკაციის შემდეგ ბათუმის ბულვარმა სატენდერო თანხა 437 146 ლარამდე გაზარდა, მაგრამ ტენდერი არ შედგა. ხელახლა გამოცხადებულ ტენდერში კი “ნიუ სთაილმა” გაიმარჯვა და ხელშეკრულებაც ზუსტად 437 146 ლარზე გაფორმდა.
ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებელმა წერილობით უნდა აცნობოს შემსყიდველს წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში ქვეკონტრაქტორის აყვანის შესახებ. მიმწოდებელს არა აქვს უფლება გადასცეს ქვეკონტრაქტორს თავისი უფლებები და მოვალეობები, შემსყიდველის თანხმობის გარეშე; ქვეკონტრაქტორი კომპანია არ უნდა იყოს რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – “შავი სია”.
ფოტო: “ბათუმელები”