სამაცივრე მეურნეობებმა მესამე კვარტალში 124.9 მლნ. ლარის პროდუქცია გაყიდეს, საიდანაც საზღვარგარეთ 8.3 მლნ. ლარის პროდუქტი გავიდა

2023 წლის III კვარტალში საქართველოში 278 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც (59.0 პროცენტი) შიდა ქართლის რეგიონშია განთავსებული. მოქმედი სამაცივრე მეურნეობები ასევე განთავსებულია კახეთის რეგიონში (13.7 პროცენტი), ქ. თბილისში (9.4 პროცენტი), სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში (4.7 პროცენტი), იმერეთის რეგიონში (4.0 პროცენტი), ქვემო ქართლის რეგიონში (3.6 პროცენტი), აჭარის ა.რ.-ში (2.9 პროცენტი), მცხეთა-მთიანეთის რეგიონში (1.4 პროცენტი), გურიის რეგიონში (0.7 პროცენტი) და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში (0.7 პროცენტი).
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2023 წლის III კვარტალში მომსახურება გაეწია 379 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით – 1 018 ერთეული შეადგინა, ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 1 623 კაცით განისაზღვრა.
2023 წლის III კვარტალის განმავლობაში მაცივრებში შენახული (განთავსებული) იყო 83.3 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 48.2 პროცენტი – ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 18.6 პროცენტი – ხილი და ბოსტნეული, 15.9 პროცენტი – ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით, ქათმის ხორცის გარდა), 7.5 პროცენტი – თევზეული, ხოლო დანარჩენ პროდუქციას უმნიშვნელო წილი ჰქონდა.
2023 წლის III კვარტალში სამაცივრე მეურნეობებში შენახული პროდუქციის მთლიანი მოცულობიდან 16.0 პროცენტს – საკუთარი წარმოების, 19.6 პროცენტს – შემდგომი რეალიზაციის მიზნით შესყიდული, ხოლო 64.5 პროცენტს მომსახურების სახით შენახული პროდუქციის მოცულობა შეადგენდა. ამავე პერიოდში, მომსახურების სახით მიღებულმა შემოსავალმა 7.3 მლნ. ლარი შეადგინა.
2023 წლის III კვარტალში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 124.9 მლნ. ლარის ღირებულების (23.1 ათასი ტონა) პროდუქცია, საიდანაც, ღირებულებით გამოსახულებაში, იმპორტირებულმა პროდუქციამ შეადგინა 25.3 პროცენტი, საკუთარი წარმოების პროდუქციამ – 29.6 პროცენტი, ხოლო შესყიდულმა (ადგილობრივი) პროდუქციამ – 45.2 პროცენტი. ამასთან, საანგარიშო პერიოდში, სამაცივრეების მიერ გაყიდული საკუთარი წარმოების პროდუქციის მთლიანი მოცულობის 54.1 პროცენტი მოდიოდა ქათმის ხორცზე. ამავე პერიოდში, სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდული იმპორტირებული პროდუქციის მთლიან ღირებულებაში მნიშვნელოვანი წილი ქათმის ხორცზე (გაყინულის ჩათვლით) (32.0 პროცენტი), პირუტყვის ხორცსა და ხორცპროდუქტებზე (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით) (46.8 პროცენტი) და თევზეულზე (5.6 პროცენტი) მოდის.
საანგარიშო პერიოდში, სამაცივრე მეურნეობების მიერ საზღვარგარეთის ქვეყნებში გაყიდული პროდუქციის ღირებულებამ 8.3 მლნ. ლარი შეადგინა, რაც ამავე პერიოდში გაყიდული პროდუქციის მთლიანი ღირებულების 6.7 პროცენტს შეადგენს. ძირითადად რეალიზებულია ქათმის ხორცი, თევზეული, ხილი და ბოსტნეული.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კამერების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად კამერების ჯამური ტევადობიდან) ივლისში შეადგენდა 51.2 პროცენტს, აგვისტოში – 55.4 პროცენტს, ხოლო სექტემბერში – 49.0 პროცენტს.