არმაზ ახვლედიანი – რა გზით დავასრულოთ ქვეყანაში ანომალია? – კონსტიტუციით გათვალისწინებული სხვა გზაც რჩება, პროტესტი სხვაგვარად, მოქმედების დროა და მოქმედება გვაგვიანდება – გამოსავალია, ოპოზიცია გადაეწყოს ახალ რელსებზე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, პარლამენტის დეპუტატი, არმაზ ახვლედიანი აცხადებს, რომ ოპოზიცია უნდა „გადაეწყოს ახალ რელსებზე“.
ახვლედიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ „ქართული ოცნების“ დამარცხების შესაძლებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამართლიანი ბრძოლის პირობებში ქართველი ხალხი მმართველ პარტიას ოპოზიციის ნებისმიერი კონფიგურაციის შემთხვევაში დაამარცხებს, თუმცა დღევანდელი მმართველობის სტილი ამის შესაძლებლობას არ იძლევა.
ახვლედიანის აზრით, იმ ფონზე, როდესაც სახელისუფლებო პარტია ამბობს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობით მოდის და ამავე დროს “ ჯიბეში აქვს ჩადებული”, ხელისუფლების შეცვლისთვის კონსტიტუციით გათვალისწინებული სხვა გზაც რჩება და ეს არის პროტესტი სხვაგვარად.
„ისმის კითხვა: რა გიზით დავასრულოთ ქვეყანაში ეს ანომალია? კონსტიტუციით გათვალისწინებული სხვა გზაც რჩება და ნურავის ნუ ეშინია ამ სიტყვის თქმის. ხალხს აქვს უფლება, როდესაც მას წაართმევენ არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის შესაძლებლობას, გამოხატოს თავისი პროტესტი სხვაგვარად.
მე ვაღიარებ იმას, რომ დღეს ოპოზიცია ვერ დგას სათანადო მოწოდების სიმაღლეზე. ახლა ოპოზიციის მხრიდან არის ახსნა-განმარტების დრო და ამავე დროს, არის მოქმედების დრო და ამავე დროს ეს მოქმედება გვიანდება. პარტიული ინტერესების დაბალანსება არ შეგვიძლია და ამ დროს ივანიშვილ-ს გაწერილი აქვთ საქმე თუ როგორ მიიტაცონ ამ ჯერზეც ძალაუფლება. ოპოზიციაში უნდა გავაცნობიეროთ, რომ საქმე გვაქვს არასტანდარტულ შემთხვევასთან“, – განაცხადა ახვლედიანმა.
კითხვაზე, პროტესტი როდის უნდა მოხდეს არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ, ახვლედიანი პასუხობს, „რა თქმა უნდა, არჩევნებამდე“.
„ჩვენი ამოცანა არის ის, რომ საზოგადოებას ავუხსნათ, რას ნიშნავს ამ მოცემულობით არჩევნებისკენ წასვლა. ეს არის წყლის ნაყვა. ამ პროტესტში, მხოლოდ, ქუჩის პროტესტი არ მიგულისხმია, თუმცა ეს არის შესანიშნავი ფორმა. ასე რომ, ოპოზიციის ნაწილში გამოსავალი ის არის, რომ ოპოზიცია გადაეწყოს ახალ რელსებზე“, – განაცხადა ახვლედიანმა.
არმაზ ახვლედიანმა ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ს განცხადებაზეც, რომლის თანახმად, დღეს რომ არჩევნები იყოს, „ქართული ოცნება“ სულ მცირე 60%-ს აიღებდა.
ახვლედიანის თქმით, „ქართულ ოცნებას“ სამართლიანი არჩევნების პირობებში ქართველი ხალხი დაამარცხებს, თუმცა დღევანდელი მმართველობის პირობებში ხალხს არ ეძლევა შესაძლებლობა არჩევნების გზით მთავრობა შეცვალოს.
ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, ღარიბაშვილი ტყუის.
„მეორედ გამხდარ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მინდა შევახსენო, რომ მე და ის, ჩვენ და ის, სხვადასხვაგვარ არჩევნებზე ვსაუბრობთ. მისთვის არჩევნები არის გადამღერება ადმინისტრაციული რესურსით, მაიმუნობით. ჩემთვის და ბევრი სხვისთვის საქართველოში არჩევნები გახდა სანატრელი თემა. გვინდა, რომ ერთხელ მაინც მოვახერხოთ და ნორმალურად ჩატარდეს არჩევნები. აბა, სცადოს ღარიბაშვილმა და მისმა „ქართულმა ოცნებამ“ ჩაატაროს არჩევნები, ისე რომ, კონკურენტული პირობები იყოს, ისე რომ სასამართლო იყოს დამოუკიდებელი და არ იყოს შანტაჟი, ზეწოლა.
სამართლიანი ბრძოლის, დაპირისპირების, ნანატრი სამართლიანი საარჩევნო კამპანიის პირობებში „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციის ნებისმიერი კონფიგურაციის შემთხვევაში ქართველი ხალხი დაამარცხებს. უბრალოდ, ამ ხალხს ამ მმართველობის პირობებში არ ეძლევა არანაირ შესაძლებლობა იმისთვის, რომ ნორმალური არჩევნების გზით პერიოდულად შეიცვალოს მთავრობა, უმრავლესობა საპარლამენტო რესპუბლიკაში. ასე რომ, ღარიბაშვილი ტყუის და თავად მშვენივრად იცის, რას ნიშნავს სამართლიანი არჩევნები. რასაც „ქართული ოცნება“ რამდენიმე სეზონი ატარებს, არის მაინც ახლოს სამართლიანობასთან და სამართლიან არჩევნებთან? რა ქნას საზოგადოებამ, ოპოზიციამ, გულხელდაკრეფილი უნდა ვუყუროთ ახლა იმას, როგორ დაგვმოძღვრავს და როგორ განცხადებებს გააკეთებს მისი პრემიერი? არამც და არამც!“,-განაცხადა ახვლედიანმა.
მისივე შეფასებით, პრემიერის განცხადება არის უტიფრობა, უსამართლობა და ქართველი ხალხის დაცინვა.
„რაც უფრო მეტად დაჭიმავენ პოლიტიკურ ზამბარას, უფრო ნაკლებ შანსს დაუტოვებენ საზოგადოებას, იმისთვის, რომ არჩევნების გზით გადაწყვიტოს რა ეკუთვნის ამ მოცემულობაში „ქართულ ოცნებას“, რა წილი აქვს, ოღონდ სამართლიანი არჩევნების პირობებში.
თუ სამართლიანი არჩევნებით „ქართულ ოცნება“ გაიმარჯვებს და საკონსტიტუციო უმრავლესობას მიიღებს, ჩვენ ეს უნდა ვაღიაროთ და მივიღოთ როგორც მოცემულობა. მე პირადად მივულოცავდი, ოღონდ სამართლიანი არჩევნების გზით და არა იმ მაქინაციების ხლართვით, რაც იმ ოფისებში იგეგმება. ამიტომ, ღარიბაშვილის განცხადება არის უტიფრობა და უსამართლობა. ეს არის ქართველი ხალხის დაცინვა. ეს უნდა შეიგნოს საზოგადოებამ, იმიტომ, რომ ეს მთავრობა დაგვცინის. გვეუბნება, რომ ისევ საკონსტიტუციო უმრავლესობით მოდის და ამ დროს არჩევნები ჯიბეში აქვს ჩადებული“, – განაცხადა ახვლედიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ