“ოცნების” პრემიერი, ირაკლი კობახიძე BBC-ის საგამოძიებო სიუჟეტს, რომლის მიხედვითაც, 2024 წლის აქციებზე შსს დემონსტრანტების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროს აკრძალულ ქიმიურ ნივთიერებას იყენებდა, სიყალბესა და “უცხოური სპეცსამსახურების ხელწერილით დაგეგმილი იაფფასიანი პროვოკაციას” უწოდებს.
იგი ამტკიცებს, რომ ნივთიერება შსს-ს არ შეუძენია და არ გამოუყენებია აქციების დასაშლელად, მათ შორის, არც წინა ხელისუფლების დროს.
კობახიძის თქმით, ივანიშვილის ხელისუფლება არ აპირებს აღნიშნული სიუჟეტი “უპასუხოდ დატოვოს” და დაამატა, რომ “ოცნება” გეგმავს ბრიტანულ კომნიკაციების მარეგულირებელ კომისიას მიმართოს.
“კიდევ ერთხელ გვინდა გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია BBC-ის მიერ გავრცელებულ ცრუინფორმაციას. როგორც მოგეხსენებათ, საკითხის დრამატიზებისთვის BBC-მ გაავრცელა ცრუ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ, თითქოს, მიტინგის დაშლისას შსს-მ პირველი მსოფლიო ომის დროს აკრძალული ნივთიერება “კამიტი” გამოიყენა. საქართველოს შს მინისტრმა საზოგადოებას უკვე საჯაროდ დაუდასტურა, რომ მიტინგის დაშლისას არათუ არ გამოყენებულა, არამედ შსს-ს ეს ნივთიერება არასდროს, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროსაც კი, არ შეუძენია.
როგორც მოგეხსენებათ, BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს სუს-მა დაიწყო გამოძიება და საკითხის ყველა დეტალის შემდეგ საზოგადოებას სრული ინფორმაცია უმოკლეს ვადებში მიეწოდება. იმთავითვე ცხადია, რომ BBC-ის სიუჟეტი არის არამხოლოდ სიყალბე, არამედ უცხოური სპეცსამსახურების ხელწერილით დაგეგმილი იაფფასიანი პროვოკაცია, რომელიც ორ მიზანს ემსახურება. პირველი: ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს სურთ, შექმნან საბაბი სრულად ჩამქრალი საპორტესტო მუხტის ხელოვნურად გასაღვივებლად და მეორე, ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს, სურთ შექმნან საბაბი, ქართველი ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ შანტაჟის გასაგრძელებლად. რა თქმა უნდა, ამ ორი მოცანის შესასრულებლად ეს სიუჟეტი ვერავითარ შემთხვევაში ვერ გამოდგება.
ახლოვდება ეუთოს მინისტერიალი და ევროკომისიის მორიგი შეკრება, რომელთა დოკუმენტებში არაფორმალური მმართველები BBC-ის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაციის ციტირებას შეეცდებიან. ამისათვის კონკრეტული პოლიტიკოსები, მათ შორის, ევროპარლამენტარები ჩვეული ცრუ განცხადებებით უკვე ამზადებენ ნიადაგს. ეს კამპანია მოგვაგონებს ევროპული ბიუროკრატიის მიერ და საერთაშორისო მედიაში ფართოდ გასულ, სიყალბეზე აგებულ კამპანიას – მიხეილ სააკშვილის მოწამვლის შესახებ. როგორც მოგეხსენებათ, ამ კამპანიის ფარგლებში, იუსტიციის მინისტრს ოფიციალური დემარშით ევროკავშირის 27 ელჩიც კი ესტუმრა. დღეისთვის ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ აღნიშნული კამპანია, ისევე, როგორც BBC-ის სიჟუეტიც სიყალბეზე იყო აგებული. თუმცა ამ სიცურის გამჟღავნების შემდეგ საკმაო ხანი გავიდა და სასმარცხვინო კამპანიაზე დღემდე არც ევროპულ ბიუროკრატიას და არც შესაბამის მედიასაშუალებებს აუღიათ პასუხისმგებლობა.
ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია BBC-ის მიერ გავრცელებული ცრუინფორმაცია უპასუხოდ არ დარჩეს, ამიტომ როგორც უკვე ცნობილია, გამოძიების წარმოებასთან ერთად, ვგეგმავთ მივმართოთ, როგორც ბრიტანულ კომნიკაციების მარეგულირებელ კომისიას, ისე, საჭიროების შემთხვევში, საერთაშორისო მართლმსაჯულებას, რათა BBC-იმ სათანადოდ აგოს პასუხი და უარყოს სპეცსამსახურების ხელწერით გავრცელებული ცრუ ინფორმაცია”, – განაცხადა კობახიძემ.
***
BBC ვრცელ სტატიას აქვეყნებს, რომელშიც წერია, რომ მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ გასულ წელს საქართველოს ხელისუფლებამ ანტისახელისუფლებო დემონსტრაციების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა.
BBC-ის თანახმად, მათმა სამსახურმა ისაუბრა ქიმიური იარაღის ექსპერტებთან, საქართველოს საპოლიციო სპეცრაზმის ინფორმატორებთან და ექიმებთან და აღმოაჩინა, რომ არსებული მტკიცებულებები მიუთითებს ნივთიერების გამოყენებაზე, რომელსაც ფრანგული სამხედრო უწყება “კამიტეს” უწოდებდა – ეს ნივთიერება ბრომობენზილ ციანიდია, რომელიც მოკავშირეებმა პირველ მსოფლიო ომში გამოსაყენებლად შექმნეს.
სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, ქართულმა ოცნებამ განცხადება გაავრცელა და განაცხადა, რომ ის მათ წინააღმდეგ “ცრუ ბრალდებებს” შეიცავს. პარტია აცხადებს, რომ BBC-ის მიერ გავრცელებული “მძიმე და დაუდასტურებელი ბრალდებების” გამო, საერთაშორისო სასამართლოში სამართლებერივ დავას იწყებს.
მოგვიანებით, BBC-ის მიერ გავრცელებულ მასალაზე სუს-მა გამოძიება დაიწყო.




