“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური, ისევე როგორც BBC-ის საგამოძიებო მასალის სხვა მონაწილეები, სუს-მა გამოკითხვაზე დაიბარა. სხვების მსგავსად, გიგაურმა უარი თქვა წყებაში მისვლაზე და საქალაქო სასამართლოში. მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხა.
დაკითხვის შემდეგ, მან ჟურნალისტებს მოუყვა, რა კითხვები ჰქონდა მასთან საგამოძიებო უწყებას.
“დაკითხვა გაგრძელდა დაახლოებით 15-20 წუთი […] კითხვები ეხებოდა იმას, რაიმე ჩემი განათლება უკავშირდება თუ არა სამედიცინო სფეროს, რაც ასე არ არის. შემდეგ, საუბარი იყო იმაზე ავიღე თუ არა ანაზღაურება კომენტარის მიცემაში, რაც, ასევე, გაუგებარი კითხვა იყო ჩემთვის. ვისაუბრე იმაზეც, თუ რას ვფიქრობ “ქართულ ოცნებაზე”. იმ კომენტარებზე, რა კომენტარებსაც, ზოგადად, ვაკეთებ ხოლმე “ქართული ოცნების” ქმედებებთან დაკავშირებით. მკითხეს, საიდან გავიგე, რომ კამიტი შეიძლება ყოფილიყო გამოყენებული. [ვუთხარი, რომ] სტატიიდან, ისევე, როგორც საქართველოს მოსახლეობის უმეტესობამ. მართალი გითხრათ, არ ვიცი რატომ დამიბარეს. ანუ ყველაფერი ის, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ, ამაზე ვსაუბრობ საჯაროდ და იგივე პოზიციას ვაფიქსირებ აბსოლუტურად ყველა ადგილობრივ და საერთაშორისო მედიაში მეც გამიკვირდა. რა ვიცი, რაში შეიძლება გამოადგეთ ეს ყველაფერი, არ ვიცი. ერთი კი შემიძლია ვთქვა, რომ რა თქმა უნდა, მე ჩემი პოზიციების დაფიქსირებას გავაგრძელებ, ისევე როგორც საერთაშორისო მედიაში, ასევე ადგილობრივ მედიაში”, – განაცხადა ეკა გიგაურმა.
კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა ის, რომ BBC-ის გამოძიების შემდეგ დაწყებული გამოძიება გამოიყენონ სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის, პროტესტში მყოფი რიგითი მოქალაქეებისა წინააღმდეგ, გიგაურმა უპასუხა, რომ ვერაფერს გამორიცხავს.
“ყველაფერი არის შესაძლებელი. იმიტომ, რომ ეს არ არის დამოუკიდებელი სამართალდამცავი ორგანო და დამოუკიდებელი სასამართლო. ამაზე არ არის საუბარი. ყველაფერს ველოდებით, ყველაფერი შეიძლება მათ გააკეთონ. უბრალოდ, საქმე იმაშია, რომ ამას ყველაფერს ისინი აკეთებენ იმისთვის, რომ გადაფარონ სავარაუდო დანაშაული. და სავარაუდო დანაშაული არის ის, რომ ქართველი ხალხის და მომიტინგეების წინააღმდეგ იყო გამოყენებული გარკვეული ქიმიური საშუალება […] მთელი წლის განმავლობაში სამოქალაქო საზოგადოება საუბრობდა იმაზე, რომ აუცილებელია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნოს ინფორმაცია, რა ტიპის ქიმიური საშუალებები გამოიყენეს მომიტინგეების წინააღმდეგ”, – განაცხადა გიგაურმა.
ამავე თემაზე:
· კობახიძე ადასტურებს UN3439 კოდის „უცნობი“ ნივთიერების შესყიდვას და სავარაუდო გამოყენებას
· კამიტი: რა (ვერ) გავიგეთ წყლის ჭავლში შერეულ ნივთიერებაზე




