ვეხმიანებით ალექსანდრე ჭიკაიძის მიმართ 2025 წლის 23 ნოემბერს ტელეკომპანია „ფორმულას“ სატელევიზო გადაცემა „დროებასა“ და ,,კვირის ფორმულას“ მიერ მომზადებულ დეზინფორმაციულ სიუჟეტს, რომელიც მიზნად ისახავს ალექსანდრე ჭიკაიძის პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვას.
სიუჟეტში ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტებმა და მოწვეულმა რესპოდენტებმა გააჟღერეს ალექსანდრე ჭიკაიძესა და შპს „ავიაკომპანია ჯეო სქაის“ მიმართ ცრუ ბრალდება, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი სახის სიუჟეტი ალექსანდრე ჭიკაიძის მიმართ წარსულში მომზადებული იქნა სხვა ტელეკომპანიის მიერ, რის თაობაზედაც სასამართლოში მიმდინარეობს დავა და რომელზეც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ალექსანდრე ჭიკაიძის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ტელეკომპანიას დაევალა მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა (დღეის მდგომარეობით საქმის განხილვა მიმდინარეობს თბილისის სააპელაციო სასამართლოში), სატელევიზო გადაცემა ,,დროებასა“ და ,,კვირის ფორმულას“ მიერ იგივე თემაზე საუბარი, რაზეც მიმდინარეობს დავა და რაც უკვე ერთი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიჩნეულია ცილისწამებად, წარმოადგენს კანონის უხეშ დარღვევას.
ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ცილისმწამებლური ინფორმაციის გაჟღერებისას ჟურნალისტი და რესპოდენტი საუბრობენ მტკიცებით ფორმაში, რითიც ცდილობენ საზოგადოება დაარწმუნონ გავრცელებული ინფორმაციის სისწორეში და ამით მიზანმიმართულად შელახონ ალექსანდრე ჭიკაიძის პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია. ფაქტია, რომ სიუჟეტის წამყვან ჟურნალისტს სათანადოდ არ მოუხდენია გაჟღერებული ინფორმაციის გადამოწმება და უფრო მეტიც, ის გამიზნულად ცდილობს საზოგადოებისათვის არასწორი, სახელის გამტეხი ინფორმაციის იმდაგვარად მიწოდებას, რომ საზოგადოებისათვის მეტად დამაჯერებელი გახდეს გაჟღერებული ბრალდებები, რაც ყოვლად დაუშვებელია.
აღსანიშნავია, რომ მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს აუდიტორია სანდო და ზუსტი ინფორმაციით და არ დაუშვას ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება. მაუწყებელი არ უნდა დაეყრდნოს ინფორმაციის მხოლოდ ერთ წყაროს და სხვა წყაროებიდანაც უნდა მოიძიოს ინფორმაცია. ამავე კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პროგრამა ან სიუჟეტი მიკერძოებული იქნება, თუ ის არ მოიცავს ამომწურავ ინფორმაციას მნიშვნელოვანი ფაქტების შესახებ, აგებულია უმნიშვნელო ფაქტებზე, შეგნებულად ან გაუცნობიერებლად შეჰყავს აუდიტორია შეცდომაში, შენიღბული სახით გამოხატავს მიკერძოებული პირის მოსაზრებებს. მე-20 მუხლის მე-8 პუნქტი ადგენს, პირს, რომლის მიმართ პროგრამაში ბრალდებები გამოითქვა, უნდა მიეცეს დროული და ჯეროვანი პასუხის გაცემის საშუალება. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელმა დეტალურად უნდა აღწეროს ბრალდებები სათანადო პასუხის მიღების უზრუნველსაყოფად. პასუხი უნდა გაშუქდეს სამართლიანად, ზუსტად და გადაიცეს იმავე პროგრამით.
ამავდროულად ჟურნალისტთა ეთიკის კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად მოვლენები და სიახლეები ჟურნალისტმა უნდა აღწეროს მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა უტყუარობაშიც ის დარწმუნებულია. ჟურნალისტმა არ უნდა დამალოს არსებითი ინფორმაცია ან გააყალბოს დოკუმენტები. ჟურნალისტმა თავი უნდა აარიდოს ინფორმაციის, სიახლეებისა და ფოტოსურათების უკანონო გზით მოპოვებას. ამავე კოდექსის მე-6 მუხლის შესაბამისად.
ხაზს უსვამთ, რომ გაუმართლებელია სისხლის სამართლის ძებნასთან, გამოძიებასთან ან სასამართლო პროცესთან დაკავშირებულ რეპორტაჟში ტენდენციური სახის კომენტარისა თუ შეფასების კეთება, პირი არ შეიძლება დამნაშავედ იქნას წარმოდგენილი მანამ, ვიდრე მის მიერ დანაშულის ჩადენა არ დამტკიცდება კანონით გათვალისწინებული წესით და არ დადგინდება კანონიერ ძალაში შესული, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით.
მედიასაშუალებების მხრიდან ნებისმიერი დეზინფორმაცია, ცილისწამება, ან კრიმინალურ საქმიანობაზე მანიშნებელი განცხადება, რაც გამოიწვევს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და უარყოფითად იმოქმედებს ალექსანდრე ჭიკაიძის რეპუტაციაზე განიხილება, როგორც ცილისწამება და ალექსანდრე ჭიკაიძის მიმართ პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის მიზანმიმართული შელახვა.
აღნიშნული ქმედება წარმოშობს როგორც სამოქალაქო, ისე სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, რაზეც გვექნება მყისიერი რეაგირება და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მოვითხოვთ როგორც მცდარი, ცილისმწამებლური, პატივის და ღირსების შემლახავი ინფორმაციის უარყოფას, ასევე ამ ინფორმაციით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას.
(R)




