მიმდინარე კვირაში კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ კომერციული ბანკების მიერ საკრედიტო პროდუქტების რეალიზაციის დროს სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება/რეალიზაციის ბაზრის მონიტორინგი დაასრულა და ამ სფეროში კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით 6 რეკომენდაცია გასცა.
ამ საკითხზე მედიასთან დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი დავით ონოფრიშვილი საუბრობს და აღნიშნავს, რომ კომერციულ ბანკებს მომხმარებლებისთვის სადაზღვევო პროდუქტის 3 ალტერნატივის შეთავაზების ვალდებულება აქვთ, თუმცა მას ზოგ შემთხვევაში არ ასრულებენ.
“ძალიან სიღრმისეული ნაშრომი დაიდო, რომელიც კომერციული ბანკების მიერ საკრედიტო პროდუქტის გაცემის პარალელურად კლიენტის დავალდებულებას ეხება, რომ სადაზღვევო პროდუქტი, ძირითადად, სიცოცხლის დაზღვევაც იყოს გაცემული. ანუ თქვენ მის გარეშე სესხს ვერ აიღებთ. უკვე მესამე წელია, რაც ბანკები სამ წინადადებას, ალტერნატივას აძლევენ მომხმარებლებს – სამი წლის წინ ესეც არ იყო, მაშინ ჩვენ და ეროვნულმა ბანკმა მოვახერხეთ, რომ ეს შეთავაზება ყოფილიყო. გამოდის, რომ ყველა ბანკი არ ასრულებდა ამ ვალდებულებას”, – ამბობს დავით ონოფრიშვილი.
კონკურენციის სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციების თანახმად, 3 ალტერნატიული სადაზღვევო კომპანიის შერჩევის კონკრეტული კრიტერიუმები საკანონმდებლო დონეზე უნდა ჩამოყალიბდეს. ონოფრიშვილის თქმით, ამისთვის სამუშაო ჯგუფი შედგება, რომელიც საკანონმდებლო ცვლილებებს განიხილავს და მათ პარლამენტში დააინიცირებს.
“რეკომენდაციების ნაწილი ეროვნულ ბანკს ეხება, რადგან მათ უნდა დაავალდებულონ კომერციული ბანკები. არის რამდენიმე რეკომენდაცია, სადაც ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ. ერთ-ერთი ასეთი მიმართულება საკანონმდებლო ცვლილებაა. მგონია, რომ უახლოეს თვეებში ჩვენ რეკომენდაციების შესრულებას შევძლებთ, გარდა საკანონმდებლო მხარისა, რაც პარლამენტში ინიციირებას მოიცავს და შედარებით დიდ დროს წაიღებს”, – ამბობს დავით ონოფრიშვილი.
მისივე თქმით, ბაზრის კვლევა კომერციული ბანკების მომხმარებელთა ინტერესს ემსახურება, რათა ისინი სრულად კმაყოფილები იყვნენ სადაზღვევო პროდუქტებით.
კონკურენციის სააგენტომ სადაზღვევო პროდუქტების რეალიზაციის ბაზარზე 6 რეკომენდაცია გასცა