ევროპარლამენტარის, პეტრას აუსტრევიჩიუსის განცხადებით, BBC-ს ჟურნალისტური გამოძიება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის შავი ლაქაა.
როგორც აუსტრევიჩიუსი აცხადებს, ახლა „ქართული ოცნების“ მთავრობის ამოცანა უნდა იყოს, რომ რაც შეიძლება მალე დაამტკიცოს, რომ BBC-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია არასწორია.
„BBC-ზე ამ ამბის წაკითხვის შემდეგ შოკში ჩავვარდი. ეს შეუძლებელია. თუ მართალია, რომ სპეცრაზმმა დემონსტრანტების წინააღმდეგ რაიმე სპეციალური აგენტი გამოიყენა, ეს დანაშაულია. ეს არის დანაშაული ადამიანის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის წინააღმდეგ. ეს სრულად უნდა იქნას გამოძიებული. ვფიქრობ, ახლა მთავრობის ამოცანა გახდა იმის დამტკიცება, რომ ეს არასწორი ინფორმაციაა. თუ არა, მაშინ ჩვენ დაგვრჩება ეს დიდი ეჭვი, რომ სიცოცხლისთვის საშიში საშუალებები გამოიყენება დემონსტრანტების წინააღმდეგ, რაც სრულიად მიუღებელია. ეს არის დიდი ამბავი, რომელიც რაც შეიძლება მალე უნდა იქნას უარყოფილი საქართველოს მთავრობის მიერ.
BBC-ის ამბავს ჩემმა ბევრმა კოლეგამ მიაქცია ყურადღება, რომლებიც თვალს ადევნებენ მოვლენებს საქართველოში. ვნახავთ, რა შეიძლება გაკეთდეს, რა სახის მოთხოვნები შეიძლება იყოს წამოყენებული. მაგრამ სინამდვილეში, ეს საქართველოს ხელისუფლებისთვის დიდი შავი ლაქაა, რომელიც ახლა უნდა უარყოს ან განმარტოს საზოგადოებისთვის, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სულ მცირე ევროპაში“, – განაცხადა პეტრას აუსტრევიჩიუსმა „ევროსკოპთან“.
პირველ დეკემბერს BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის მიხედვითაც, გასულ წელს ანტისამთავრობო აქციებზე მომიტინგეების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს.




