ადვოკატი – BBC-ის სიუჟეტში მარიამ ჯიქიძის ხმაც კი არ ყოფილა ჩაწერილი, კადრში ჩანს და ინტერვიუში არ მონაწილეობს – ამ სტანდარტს თუ გავითვალისწინებთ, ვინც კადრში გამოჩნდა, ყველა შეიძლება დაიბარონ

გამომძიებლის კითხვები არასრულ ინფორმაციას, ტყუილებს შეიცავდა, თითქოს მარიამ ჯიქიძემ ინტერვიუთი ინფორმაცია მიაწოდა. BBC-ის 40-წუთიანი სიუჟეტიდან ასეთი არაფერი არ ჩანს, – ამის შესახებ საია-ს წარმომადგენლის მარიამ ჯიქიძის ადვოკატმა, ჯუბა ქათამაძემ განაცხადა.
ადვოკატის თქმით, მარიამ ჯიქიძის გამოკითხვაზე დაბარება უკანონო იყო.
„რაც მოსამართლემ გააჟღერა, მარიამის გამოკითხვაზე დაბარების საფუძველი იყო ის, რომ იგი ინტერვიუს ან ინფორმაციას აწვდიდა BBC-ს, რაც, რა თქმა უნდა, ტყუილი იყო. ჩვენ, მის უფლებადამცველებს, ეს სიუჟეტი, რა თქმა უნდა, რამდენჯერმე თავიდან ბოლომდე გვაქვს ნანახი და არცერთ ეპიზოდში მისი მონაწილეობა არ ჟღერდება. მისი დაბარება უკანონო იყო. გამომძიებლის კითხვები არასრულ ინფორმაციას, ტყუილებს შეიცავდა, თითქოს მან ინტერვიუთი ინფორმაცია მიაწოდა. 40 წუთიანი სიუჟეტიდან ასეთი არაფერი არ ჩანს. იყო ის კითხვები, რაც არაერთხელ მოისმინეთ სხვებისგანაც: მიაწოდა თუ არა ვინმეს რაიმე სახის ინფორმაცია. მარიამის ხმაც კი არ ყოფილა ჩაწერილი, კადრში ჩანს და ინტერვიუში არ მონაწილეობს. მარიამის სტანდარტს თუ გავითვალისწინებთ, ვინც კი კადრში გამოჩენილა, ყველა შეიძლება დაიბარონ“, – განაცხადა ჯუბა ქათამაძემ.
ცნობისთვის, BBC-მ მოამზადა და გამოაქვეყნა საგამოძიებო მასალა, რომლის მიხედვით, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციების დასაშლელად ნივთიერება „კამიტი“ გამოიყენეს, რომლის გამოყენება ბოლოს I მსოფლიო ომის დროს მოხდა.
აღნიშნული რეპორტაჟის გავრცელების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. ეს მუხლებია: – სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.