რუსეთი ამჟამად ვერ ხედავს წინაპირობებს საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის განახლებისთვის, – ამის შესახებ რუსულ გამოცემა „იზვესტიას“ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
„რუსეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის განახლებისთვის არანაირი წინაპირობა არ არსებობს, რადგან თბილისი სააკაშვილის რეჟიმის დროს გამოტახულ პოზიციას ინარჩუნებს, რომ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე უარის თქმასთან არის დაკავშირებული. ეს არარეალური მოთხოვნაა და საზიანოა თავად საქართველოსთვის. მოსკოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რესპუბლიკების სახელმწიფოებრიობის აღიარების გადაწყვეტილებები შეუქცევადია“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
თუმცა, უწყების მტკიცებით, რუსეთი ღიაა საქართველოსთან ურთიერთობების შემდგომი ნორმალიზებისთვის საჭირო ნაბიჯების გადასადგმელად იმ დონემდე, რამდენადაც თავად თბილისი იქნება ამისთვის მზად.
„ბურთი საქართველოს მხარესაა, რომელიც, ჩვენი აზრით, ამით სხვებზე მეტად უნდა იყოს დაინტერესებული“, – განაცხადეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.




