„ხელს შევუწყობთ მცირე და საშუალო ბიზნესს სასესხო და მოგვიანებით წილობრივი ფასიანი ქაღალდების გამოშვებაში“ – ირაკლი ნადარეიშვილი

„ბოლო წლებში საქართველოს მთავრობა, კერძოდ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ძალიან აქტიურად მუშაობს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პრობლემის გადაწყვეტის მიმართულებით, განსაკუთრებით, ეს ეხება მცირე და საშუალო სექტორს, რომელიც ჩვენი ეკონომიკის თითქმის 60 პროცენტს წარმოადგენს და ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია. ჩვენ შევქმენით მთელი რიგი პროგრამები, რომლებიც წარმატებით მოქმედებს ამ მიმართულებით. ისინი, ძირითადად, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” ბაზაზე ხორციელდება და უზრუნველყოფს მცირე და საშუალო სექტორს როგორც ტრადიციული, ასევე ალტერნატიული ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ინსტრუმენტებით,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მიერ ორგანიზებულ სემინარზე გამოსვლისას, რომელიც აქტივებზე დაფუძნებულ დაფინანსების მოდელებს შეეხებოდა.
მისი თქმით, მიმდინარე წელს, სამინისტროს ინიციირებით, სააგენტო რამდენიმე ახალი მიმართულებით მუშაობს. მაგალითად, დაიწყება ფასიანი ქაღალდების გამოშვების ხელშეწყობის პროგრამა მცირე და საშუალო სექტორისთვის. ჩამოყალიბდება SME ზრდის ფონდი, რომელიც ინვესტირებას გააკეთებს აღნიშნულ სექტორში წილობრივი კაპიტალის მიმართულებით. ასევე მნიშვნელოვანია საბრუნავი კაპიტალის ახალი ინსტრუმენტების გაჩენა, რასაც ერთობლიობაში წარმოადგენს ე.წ. Asset Based Financing პლატფორმა.
„ეკონომიკის სამინისტრო ეროვნულ ბანკთან ერთად, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ექსპერტებისა და კერძო სექტორის ჩართულობით, მუშაობს, რათა უახლოეს პერიოდში დაინერგოს და ხელმისაწვდომი გახდეს მთელი რიგი ალტერნატიული ინსტრუმენტები, როგორიცაა მაგალითად, ფაქტორინგი. პარლამენტს უახლოეს პერიოდში წარედგინება ახალი კანონი ფაქტორინგის შესახებ. ეს იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი, რათა ეკოსისტემა, რომელიც წარმოადგენს ფინანსური ინსტრუმენტების ერთობლიობას, გახდეს უფრო მრავალფეროვანი და ხელმისაწვდომი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საქართველოში,” – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.