„ოცნება“ ეცდება, ეს საკითხი მიაფუჩეჩოს. მაგრამ ეს თემა არ უნდა ჩამოვიდეს დღის წესრიგიდან…. როდიონოვის ხსენება ახლაც მზარავს და ამის წარმოდგენა, რომ ჩემი ქვეყნის ხელისუფლება გვწამლავდა, წარმოუდგენელია,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ადვოკატი ლია მუხაშავრია, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს საქმეებზე საქართველოდან მუშაობს.
ლია მუხაშავრიას BBC-ის გამოძიებაზე ვესაუბრეთ: რა ელის „ოცნების“ მთავრობას, თუ ევროსასამართლო, ან ჰააგის სასამართლო დაადასტურებს, რომ ქართველ დემონსტრანტებს საკუთარმა ხელისუფლებამ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ნივთიერება შეასხეს?
„ეს არის საერთაშორისო დონის სკანდალი. BBC-ის გამოძიება არ არის ხელწამოსაკრავი ამბავი. ახლა ის, რომ ვითომ BBC-ს უჩივლებენ, მით უარესი „ოცნებისთვის“, იმიტომ რომ კიდევ უფრო გახმაურდება ეს ამბავი, ხომ? თუ უჩივლეს, BBC, რა თქმა უნდა, დადებს მტკიცებულებებს, ეს ხომ „იმედი“ არ არის?!
დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების“ მომხრეებსაც აღაშფოთებს ეს საკითხი: იმიტომ, რომ შეიძლება მიტინგზე არ ვიყავი, მაგრამ მეორე დღეს გავიარე პარლამენტთან. საწამლავი ხომ არ არჩევს, ვინ არის „ოცნების“ მომხრე და ვინ არა?“ – კითხვას სვამს ლია მუხაშავრია.
„ბათუმელებმა“ ადვოკატ ლია მუხაშავრიასთან ინტერვიუ ჩაწერა.
- ქალბატონო ლია, როგორ უნდა გადარჩეს მტკიცებულებები, როცა საუბარია იმაზე, რომ „ოცნების“ მთავრობამ პირველი მსოფლიო ომის ეპოქის ქიმიური იარაღი გამოიყენა საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ? BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ, ამ საქმეზე გამოძიება ჯერ საქართველოში ტარდება.
პირველ რიგში, მნიშვნელოვანია დაზარალებულები და მათი ჩვენებები, მნიშვნელოვანია სამედიცინო დოკუმენტაცია. ვინც მოყვა დარბევებში და წყლის ჭავლთან ერთად გამოყენებული იყო ქიმიური საშუალება, მათ უნდა გამოითხოვონ სამკურნალო დაწესებულებებიდან თავიანთი დოკუმენტები: რა იყო ანამნეზი, რა სიმპტომები ჰქონდათ, რა სახის მკურნალობა ჩაიტარეს?
ჩვენ ვართ მიერთებული რომის სტატუტს [სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდება], რომლის იურისდიქციის ქვეშ არის ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო. მას შესაძლოა მიმართონ დაზარალებულებმა. განსაკუთრებით საყურადღებო იქნება ეს საკითხი, თუ მასობრივი იქნება მიმართვა.
როდესაც მძიმე დანაშაულის ფორმასთან გვაქვს საქმე, როდესაც წამებას აქვს მასობრივი ხასიათი და უამრავი ადამიანია დაზარალებული, ამ შემთხვევაში განიხილავს საქმეს ჰააგის სასამართლო. ამიტომაც, მნიშვნელოვანია სამედიცინო დოკუმენტაცია: შესაძლოა, არ იყო გაცემული „ფორმა 100“, მაგრამ ექიმებმა უნდა დაადასტურონ, რა სახის სიმპტომები აღენიშნებოდათ დაზარალებულებს, რა დაზიანებები ჰქონდათ მათ.
ჩვენ, რა თქმა უნდა, არავის არ გვჯერა, რომ ჩვენი საგამოძიებო ორგანოები ამას გამოიძიებენ. აუცილებელი იქნება საერთაშორისო ექსპერტების, სპეციალისტების მოწვევა, რომ მათ ჩაატარონ სპეციალიზებული გამოკვლევები და არა ჩვენმა ეგრეთ წოდებულმა გამომძიებლებმა, სამხარაულის ბიურომ, რადგან ცხადია, რომ ისინი დამალავენ, ან არასრულად გამოავლენენ ფაქტებს.
ევროსასამართლოში დარბევებთან დაკავშირებით საქართველოდან რამდენიმე საქმეა უკვე გაგზავნილი. BBC-ის გამოძიება მნიშვნელოვანი გარემოება იქნება ამ საქმეებში, რომ დადგინდეს დარღვევის სიმძიმე.
ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია, მედიამ ეს საკითხი არ ჩამოიღოს დღის წესრიგიდან, ამაზე მუდმივად უნდა იყოს საუბარი და ყველა დაზარალებული გამოეხმაუროს უნდა ამ ფაქტს, უნდა შეიკრიბოს ეს ინფორმაცია და ისე იქნას წარდგენილი.
- ჰააგის მართლმსაჯულების სისტემას შეუძლია გამოძიების დაწყება, ვიდრე საქართველოში ამ საქმეზე გამოძიება არ დასრულდება?
შეუძლია, კი, თუ მსხვერპლის სახელით მიმართავენ ადვოკატები. რომის სტატუტი ავალდებულებს სახელმწიფოს, ერთი მხრივ, არ დაუშვას უმძიმესი დანაშაულების ჩადენა მის ტერიტორიაზე, მაგრამ თუ მაინც მოხდა ასეთი რამ, აქვს ვალდებულება, გამოიძიოს და პასუხისგებაში მისცეს დამნაშავე პირები. თუ არცერთს გააკეთებს, არც მეორეს და არც მესამეს, იმ შემთხვევაში წარმოიშობა უკვე უფლება: მსხვერპლმა მიმართოს საერთაშორისო სასამართლოს და პროკურორს.
მტკიცებულებების მოპოვება ადგილზე უკვე წარმოუდგენელია, გარდა იმისა, რაც სამედიცინო დოკუმენტაციაშია აღწერილი. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ვინმეს აქვს შენახული ის ტანსაცმელი, რომელიც დარბევის დროს ეცვა, არ გაურეცხია და დალუქული აქვს. საქართველოში ჩვენ გვყავს ერთი-ორი საერთაშორისო დონის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი, ვისაც შეუძლია კვალის აღმოჩენა. ეს, ცხადია, კიდევ უფრო გაამყარებს მოთხოვნას.
წარმოუდგენელია, ევროსაბჭოს წევრ ქვეყანაში მთავრობამ საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ მიტინგის, მანიფესტაციის დასაშლელად ასეთი ნივთიერების გამოიყენოს. ამ ნივთიერების გამოყენება ნიშნავს უმძიმეს დანაშაულს და ამაზე არავინ არ წავა, იმიტომ, რომ ამას მოჰყვება პასუხისმგებლობა. ეს წარმოუდგენელი რამ არის.
- რა სახის პასუხისმგებლობა მოჰყვება ქიმიური იარაღის გამოყენების დადასტურებას საერთაშორისო სასამართლოში? რა ელის „ოცნებას“?
ჰააგის ტრიბუნალს უმძიმესი შედეგები შეუძლია დააყენოს, მათ შორის, სამუდამო პატიმრობის სახით.
საბედნიეროდ, დარბევების დროს არავინ არ გარდაცვლილა, თუმცა არ ვიცით შემდგომი გართულებები რა შეიძლება ამას მოჰყვეს. შეიძლება, შეერაცხოს ბრალდებაც იმ პირებს, ვინც ეს გამოიყენა და ვინც გასცა განკარგულება მათი გამოყენების შესახებ. შესაძლოა, შემდგომი გართულება ვიღაცას ჰქონდა კიდეც, მაგრამ დაჰბრალდა სხვა რამეს და არა ამ მოწამვლას.
უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ ეს ხანდაუზმელი დანაშაულია. თუ ადამიანები მიიჩნევენ, რომ ახლა მათი სამედიცინო დოკუმენტაციის გამჟღავნება საფრთხის შემცველია, შესაძლოა, გამოძიება სხვა დროსაც მოითხოვონ. მთავარია, ამ ეტაპზე მათ საკუთარი თავის შესახებ სამედიცინო დოკუმენტაცია გამოითხოვონ.
შეიძლება, ზეწოლა განახორციელონ ექიმებზე, სამედიცინო დაწესებულებებზეც. არაფერი გამორიცხული არ არის.
- სტრასბურგის სასამართლომ რა შეიძლება მოსთხოვოს „ოცნების“ მთავრობას, თუ დადგინდება წამების შემთხვევა?
ფინანსური კომპენსაციის გარდა, აუცილებლად იქნება დაკისრებული მიუკერძოებელი და ობიექტური გამოძიების ჩატარება, რომ დადგინდეს კონკრეტული დამნაშავე პირები. უნდა დადგინდეს მთელი ჯაჭვი: ვინ დაგეგმა, ვინ გასცა განკარგულება, ვინ განახორციელა, უშუალოდ ვინ მონაწილეობდა, ვინ ინახავდა ამ აკრძალულ ნივთიერებას და ვის გაახსენდა, რომ ის იქ, სადღაც არის საწყობში. ძალიან მნიშვნელოვანია ამის გამოძიება.
ამიტომაც, „ოცნება“ ეცდება, ეს საკითხი მიაფუჩეჩოს, მიფუჩეჩების პოლიტიკა გააქტიურდება. ეს თემა არ უნდა ჩამოვიდეს დღის წესრიგიდან.
როდიონოვის ხსენება ახლაც მზარავს და ამის წარმოდგენა, რომ ჩემი ქვეყნის ხელისუფლება გვწამლავდა, წარმოუდგენელია. ეს საქმე აუცილებლად უნდა იქნას გამოძიებული.
- გაქვთ ამის იმედია, რომ სუსი ამ საქმეს გამოიძიებს?
თუ საზოგადოება ძალიან მყარი იქნება თავის მოთხოვნაში და ძალიან დაჟინებით მოითხოვს ამას, იძულებული გახდებიან, რომ გამოიძიონ.
ეს არის საერთაშორისო დონის სკანდალი. BBC-ის გამოძიება არ არის ხელწამოსაკრავი ამბავი. ახლა ის, რომ ვითომ BBC-ს უჩივლებენ, მით უარესი „ოცნებისთვის“, იმიტომ რომ კიდევ უფრო გახმაურდება ეს ამბავი, ხომ? თუ უჩივლეს, BBC, რა თქმა უნდა, დადებს მტკიცებულებებს, ეს ხომ „იმედი“ არ არის?!
დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების“ მომხრეებსაც აღაშფოთებს ეს საკითხი: იმიტომ, რომ შეიძლება მიტინგზე არ ვიყავი, მაგრამ მეორე დღეს გავიარე პარლამენტთან. იქ პირველი სკოლაა, გიმნაზია, ბავშვები დადიან ყოველდღე იმ ტერიტორიაზე, უამრავი ადამიანი ცხოვრობს, რომელსაც სულ არ აქვს ეგება პოლიტიკური განწყობა, ან მთავრობის მომხრეა, მაგრამ ისიც შეიძლება მოიწამლა, ავად არის და გართულება აქვს. საწამლავი ხომ არ არჩევს, ვინ არის „ოცნების“ მომხრე და ვინ არა?
ამიტომაც, ეს საყოველთაო აღშფოთებას გამოიწვევს. მით უფრო, რომ ადამიანებმა გაიგეს, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულება უკავშირდება ამ მოწამვლას.




