„ეკონომიკა მუშაობს მოთხოვნა მიწოდებაზე. რომელ ბიზნესსაც შეუძლია უფრო მაღალი ხელფასის გადახდა, ის გადაიხდის თუ არის შესაბამისი მიწოდება ბაზარზე“

„ახალი ინიციატივა კიდევ უფრო მეტად შეუშლის ხელს ადამიანების დასაქმებას“, – ასე აფასებს „ექსპო-ჯორჯიას“ დირექტორი რესან ქიქავა ქვეყანაში მინიმალური ხელფასის ზღვარის დაწესებასთან დაკავშირებით პარლამენტში დაინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს.
როგორც მან „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ აღნიშნა, სახელფასო პოლიტიკაში ჩარევა ბიზნესისთვის დამატებითი წნეხის შექმნას გამოიწვევს, რაც დამსაქმებელს კადრის აყვანასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებას გაურთულებს.
„შეგვიძლია, შევხედოთ წარმატებულ ქვეყნებში რა ეტაპზე შემოიღეს ასეთი ტიპის რეფორმები. სამწუხაროდ, ეს კიდევ ერთი ისეთი ინიციატივაა, რომელშიც მნიშვნელოვანი ფაქტორების გათვალისწინება არ ხდება. რაც მთავარია, არცერთი იმ რეფორმის განხორციელებაში, რომელიც ახლა მოვისმინეთ, სპეციალისტები არ მონაწილეობენ. სამუშაო ჯგუფებში ვერ ნახავთ დარგის სპეციალისტს, ესაა რაღაც პოლიტიკური სამუშაო ჯგუფები. არაფერს კარგს არ მოიტანს ასეთი ტიპის არც რეფორმა და არც ცვლილება.
ეკონომიკა მუშაობს მოთხოვნა მიწოდებაზე. რომელ ბიზნესსაც შეუძლია უფრო მაღალი ხელფასის გადახდა, ის გადაიხდის თუ არის შესაბამისი მიწოდება ბაზარზე. ამაში ხელოვნურად ჩარევა ბიზნესისთვის დამატებითი წნეხის შექმნაა. მხოლოდ ბიზნესზეც არ არის, დასაქმებულსაც ექმნება ამით პრობლემა. ფაქტობრივად, არჩევანს უზღუდავ. ეს გამოიწვევს იმას, რომ ბიზნესი კარგად დაფიქრდება, ვიდრე მიიღებს დამატებით ადამიანებს.
ქვეყანაში სამუშაო ადგილები შეზღუდულია. დასაქმებულთა რაოდენობა მცირდება წლიდან წლამდე. ასეთ პირობებში შემოგქონდეს ახალი ინიციატივა, რომელიც კიდევ უფრო მეტად შეუშლის ხელს ადამიანი დასაქმდეს, ეს ჩვეულებრივი პოპულისტური განცხადებაა. განცხადება იმ ფენისთვის, რომელიც თვლის, რომ დაბალი ანაზღაურება აქვს არა იმიტომ, რომ პირობითად მის კვალიფიკაციაშია რაღაც გადასახედი, არამედ თვითონ ბიზნესი არ არის მოწადინებული მას მაღალი ანაზღაურება ჰქონდეს“, – განაცხადა რესან ქიქავამ.
შეგახსენებთ, რომ მინიმალური ხელფასის დაწესებასთან დაკავშირებით ინიციატივა პარლამენტში ფრაქცია „საქართველომ“ დააინიცირა. კანონპროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ საქართველოს მოქალაქეს, ოფიციალური საარსებო მინიმუმზე, მინიმუმ სამჯერ მეტი მინიმალური ხელფასი უნდა ჰქონდეს. ეს საქართველოს რეალობაში არის 1000 ლარი. ეს ინიციატივა ეხება როგორც საჯარო სექტორში დასაქმებულებს, ასევე კერძო სექტორში დასაქმებულებს.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი