ბოლომდე რომ არ გამოგიკვლევია და ავრცელებ ინფორმაციას სხვა ქვეყნის ინტერესის სასარგებლოდ, ამაზე სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს შესაბამისი მუხლი
„BBC გახდა გლობალური ომის პარტიის, ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი,“ – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა და დასძინა, რომ ყველას, ვინც საქართველოს საწინააღმდეგო ცილისმწამებლურ კამპანიაში მონაწილეობს, მოუწევს პასუხისმგებლობა.
„ჩვენ სამწუხაროდ ვხედავთ, რომ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში BBC გახდა გლობალური ომის პარტიის, ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. რა თქმა უნდა, ყველას მოუწევს ამაზე პასუხისგება. ახლა მიხვდნენ, რომ პასუხისმგებლობას ვერ ასცდებიან და ახლა თქვეს, რომ საკითხი ბოლომდე არ გამოუკვლევიათ. ბოლომდე რომ არ გამოგიკვლევია და ავრცელებ ინფორმაციას სხვა ქვეყნის ინტერესის სასარგებლოდ, ამაზე სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს შესაბამისი მუხლი,” – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ BBC-ის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ქართულ პოლიციას ბრალდება მომწამლავი გაზის გამოყენება რადიკალური აქციის მონაწილეების მისამართით. ინფორმაცია ვრცელდებოდა გარკვეულ პირებზე დაყრდნობით, თუმცა, თავად წყარომ, რომელსაც გამოცემა ეყრდნობოდა, აღნიშნა, რომ კვლევები მომწამლავი გაზის თვისებებზე, ბოლომდე არ იყო შესწავლილი.




