ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება პარლამენტის ყოფილი წევრი, ადვოკატი, ვალერი გელბახიანი.
– ბატონი ვალერი, თქვენ ხშირად ამბობდით, რომ დასავლეთი, სანქციების შიშით, ბუნაგიდან გამოაგდებს ბიძინა ივანიშვილს და აიძულებს პოლიტიკაში დაბრუნებასო. ასეც მოხდა, დაბრუნდა პოლიტიკაში და რა არის მისი დაბრუნების რეალური მიზანი? ღიად მხოლოდ ის თქვა, რომ „ქართული ოცნება“ უნდა გააკონტროლოს და კორუფციას უნდა ებრძოლოს.
– რაც მან დაასახელა პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზად, ამის თვითონაც არ სჯერა. მაგაზე ხალხმაც კი გაიცინა. ისე არ უნდა აიგდო კაცმა საკუთარი თავი, რომ სიტყვისა და პრინციპის ფასი არ იცოდე, წინასწარ იცოდე, რომ რასაც იტყვი, არავინ დაგიჯერებს და მაინც იმას ამბობდე. ამას პოლიტიკურ ენაზე ჰქვია უპასუხუსმგებლობა. თქვა, პოლიტიკაში თუ დავბრუნდები, მხოლოდ ოპოზიციური პლატფორმითო და გადათქვა, როგორც სჩვევია და დაბრუნდა არაოპოზიციურ ფლანგზე. გამოვიდა და იძახის, მე ჭარბი რესურსი მაქვს და ეს უნდა მოვახმარო პარტიასო და იქვე იძახის, 60–იანი რეიტინგი აქვს „ქართულ ოცნებას“ და არჩევნებში პრობლემა არ აქვსო. რომელია აქ სწორი, მითხარი? თუ პარტიას არავითარი პრობლემა არ აქვს და საკონსტიტუციო უმრავლესობის აღება შეუძლია 2024 წლის არჩევნებში, მაშინ ივანიშვილის შემოსვლა პარტიისთვის რა საჭირო იყო, თუ ისედაც მოგებული ჰქონია არჩევნები ამ პარტიას? ესეც ყალბი საფუძველია იმ განცხადებისა, თითქოს კორუფციაში რაღაცები შეიმჩნევაო. რა შეიმჩნევა, კორუფციული სისტემა თავად შექმნა ყველგან და ყველაფერში. საკუთარ წიაღში, საკუთარ ჭაში თუ ჭაობში ჩაიხედოს, არის თუ არა იქ კორუფცია.
– ვინც კორუფციის მამები არიან ქვეყანაში, ყველა ივანიშვილს შესცქერის შიშით თვალებში.
– მერე ჩვენ რას გვემართლება, რას გვემადლება? ძალოვანმა მინისტრებმა და მთავარმა პროკურორმა არ იციან, რომელი მინისტრები, დეპუტატები, მერები, გამგებლები და სხვა მაღალი თანამდებობის პირები არიან კორუფციაში გასვრილნი? ზეპირად იციან. აბა, ხალხს ეკითხება ბიძინა, ვინ არის კორუფციონერი? თუ ამის თქმა უნდოდა, ესეც ფარსია. ყველაფერი ძალიან კარგად იცის. არც ერთი მისი არგუმენტი პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ რეალური და საფუძვლიანი არ არის. აქედან ვურჩევ, გაითვალისწინოს, რომ სიმართლე არის ყველაზე კარგი მტკიცებულება, სიმართლე უთხრას ხალხს და დაუჯერებენ, ნუ აყრის თვალში ნაცარს.
– და რა არის ეს სიმართლე? რა უნდა უთხრას ხალხს?
– ხალხს უნდა უთხრას, რომ სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში ბევრი შეცდომები იქნა დაშვებული, სისტემური შეცდომები, ეკონიმიკური, პოლიტიკური, კორუფციული ანუ სამართლებრივი, საგარეო კუთხით იყო შეცდომები და ბრუნდება იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ამოატრიალოს, გამოასწოროს. მეორე, მსოფლიოს გეო–პოლიტიკურმა ცვლილებებმა ქვეყნის საგარეო ვექტორი შეცვალა, დასავლეთის ფაქტორი იმდენად ანგარიშგასწევია, რომ იმ სტანდარტებზე უნდა გადავიდეს ქვეყანა, ამ იდეას ჩემს პარტიაში ჰყავს მოწინააღმდეგეები და მოვბრუნდი იმიტომ, რომ ამ მოწინააღმდეგეებს ან უნდა დავემშვიდობო, ან დავარწმუნო, რომ საგარეო კურსი შეცვალონო. ეს უფრო რეალური მიზეზი იქნებოდა, სიმართლესთან ახლოს ნათქვამი და ხალხი დაიჯერებდა. ახლა ისე გამოდის, რომ ანგელოზები უზის მინისტრებად, პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ერთად იღებენ და ჩვენ ვართ დამნაშავეები, ჩვენ, რიგითი ადამიანები ვართ ყველა უბედურების თავი და თავი. ჩვენში ეძებს გამოსავალს და ეგ ეგრე არ არის. ამას არავინ დაიჯერებს. მისი დაბრუნების რეალური მიზეზი ის არის, რომ თავი გადაირჩინოს. ორი გაგება აქვს ამ თავის გადარჩენას, ორი სვლა. რუსეთის კლანჭებიდან თავის დაღწევას რომ ცდილობს, ეს ფაქტია. მან პრესასთან მხოლოდ ერთ საკითხზე ისაუბრა, რომ 3 წელია სანქციებშია, 3 წელია სასამართლოში დაატარებენ, მილიარდი დოლარი აქვს გაყინული შვეიცარიულ ბანკში და აქ იგულისხმებოდა, რომ რუსეთმა ვერ უშველა. გააგონა რუსეთს, რომ მილიარდი დავკარგე, კიდევ ბევრი ფულისა და ქონების დაკარგვის საფრთხის წინაშე ვდგევარ და თქვენ ვერ მიშველეთ და ვერც მერე მიშველით და მე ჩემს სვლას ვაკეთებ. ეს რუსეთისთთვის იყო ნათქვამი და არა ამერიკელებისთვის. ანუ, ხელების დაბანვა უნდა, რა გამოუვა, ვნახავთ, მაგრამ ეს რომ იყო მისი ნათქვამის ქვეტექსტი და მისი მცდელობა აქეთ იყო მიმართული, ეს წავიკითხე. მის თვალებში დავინახე შიში, დასავლეთის შიში. დასავლეთისგან მას აქვს მიღებული ისეთი გზავნილი, რომელსაც ვერ დაუსხლტება. ევროკავშირის ერთ–ერთმა ცნობილმა ლიდერმა, კუბილიუსმა მის პოლიტიკაში დაბრუნებას მოაყოლა განცხადება, რომ ვერ უშველის პარტიის ლიდერად დაბრუნება, სანქციებს ამით თავს ვერ დააღწევს და ამას მალე იხილავთო. რაღაც რომ არის მზად, ეს ჩვენ არ ვიცით, იცის კუბილიუსმა და იცის ბიძინა ივანიშვილმაც.
– გამოდის, ამაოა მისი მცდელობა, რომ პოლიტიკაში დაბრუნებით სანქციები აირიდოს?
– არა, ამაო არ არის. სამართლისა და კონსტიტუციონალიზმის ისტორიაში, პირველად არის იმის მცდელობა, რომ სამართთლებრივ დოკუმენტში იწერება კანონის საწინააღმდეგო დებულება, რომ პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, პოლიტიკურ მრჩეველს უფლება აქვს, მოიწვიოს პარტიის საგანგებო ყრილობა, მხოლოდ პოლიტიკურ მრჩეველს აქვს უფლება წარადგინოს პრემიერ–მინისტრობის კანდიდატურა, პარტიის პოლიტსაბჭოს წარუდგინოს წევრები დასამტკიცებლად. აბა, ვნახოთ, რა სწერია კანონში „პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“? იქ სწერია, რომ ამის უფლება აქვს პარტიის მოქმედ თავმჯდომარეს და არა საპატიო თავმჯდომარეს ან მრჩეველს. იუსტიციის სამინისტრო ამ ანტიკონსტიტუციურ ცვლილებებს გაატარებს რეგისტრაციაში, ეს ბიძინას უნდა და კანონი ყველას ფეხებზე ჰკიდია. იუსტიციის მინისტრს დაავიწყდება, რომ ეს ყველაფერი კანონს ეწინააღმდეგება. როდესაც ასეთი თვითმარქვია ხელისუფლება გყავს და მას ძალაუფლების შესანარჩუნებლად სრული რესურსები აქვს ხელში ჩაგდებული, როგორ გინდა, რომ ევროპამ ასეთი ადამიანისა ირწმუნოს? არც ერთი ევრიპელი არ დაიჯერებს ბიძინა ივანიშვილისას. პირიქით, ეტყვიან, გამობრძნდი მოედანზე? ეგ გვინდოდა ჩვენცო. თუ არ იმოძრავებს ევროპული სტანდარტის მიხედვით, თავის ფეხით გაებმება მახეში და ამასაც ვიხილავთ.
– ჩვენი საუბრიდან გამომდინარე, გამოდის, რომ საგარეო პოლიტიკურ კურსს, რომელსაც ჩვენი ქვეყანა იცვლის მისდა უნებურად, ბიძინა ივანიშვილი მიჰყვება, ჩათრევას ჩაყოლას ამჯობინებს და ამით ცდილობს თავის გადარჩენას.
– მე თავში გითხარით, ეს არის მისი გადარჩენის ერთადერთი, უალტერნატივო გზა, რუსეთი უნდა გამორიცხოთ. ბიძინა ივანიშვილი იწყებს ახალ თამაშს ამერიკელებისთვის, რუსეთს უკვე აჩვენა ყვითელი ბარათი – ნიკოლ ფაშინიანის ილეთი ჩაუტარა, ვერ მშველით და რატომ უნდა ვიყო თქვენს იმედზეო. დაიწყებს რუსეთისგან დისტანცირებას. ეჭვი არ შეგეპაროთ, მალე გამოვა ივანიშვილი და იტყვის, მე ქვეყანა გადავარჩინე, თქვენ რომ გეგონათ პრორუსულ პოლიტიკას ვატარებდი ქვეყანაში, სინამდვილეში ვაჩერებდი რუსეთს, არ შემოვუშვი, რადგან ომს იწყებდაო. აქამდე თუ იძახდა დასავლეთი გვაქეზებდა მეორე ფრონტი გაგვეხსნა რუსეთანო, მერე იტყვის, პირიქით, რუსეთი აპირებდა საქართველოში შემოჭრასო. რა, გაუჭირდება და ვერ იტყვის?
–გამოდის, მაინც წაუგებელ თამაშს თამაშობს.
–თავად ასე ფიქრობს, ალბათ, მაგრამ რამდენად სწორედ ითამაშებს, ეს გამოჩნდება. ეს პოლიტიკაა, აქ ასეთ შემთხვევაში გარანტიები არ არსებობს. ყოველდღე შეიძლება ინტერესთა კვეთა შეიცვალოს. თუმცა, ერთპიროვნული ტიპია ივანიშვილი, არა მგონია, დიდ პოლიტიკაში წარმატებით ითამაშოს, ყველა ვარიანტში მოუწევს ბოლოს ჩოქბჯენში გადასვლა.
– არჩევნებითვის რაიმეს შემატებს „ქართლ ოცნებას“ ივანიშვილის პოლიტიკაში ღიად გამოჩენა?
– რას შემატებს? ეგ ბიძინას ჰგონია, რომ რაღაცას შემატებს. პირიქით, ახალი არგუმენტი გააჩინა, რომ დაბრუნდა არჩევნების გაყალბებისთვის, მხოლოდ ამას შემატებს. ივანიშვილმა თქვა, ხელისუფლებიდან ორ კაცს ვეკონტაქტებოდი და მან აღიარა, ეს კომუნიკაცია საკმარისი არ იყო ქვეყნის სამართავადო. ამით აღიარა, რომ მართავდა ქვეყანს ჩრდილიდან, თავად აღიარა, მეტი რაღა მტკიცებულება გინდათ? უარყოფდა, არ ვერევი პარტიის და ქვეყნის მართვაშიო და ახლა აღიარებს, ვერეოდიო. მისი რაღა უნდა დაიჯეროს ვინმემ? ახლა ოფიციალურად მართავს ქვეყანას, რადგან ისეთი ცვლილებები შეიტანეს პარტიის წესდებაში, პარტიაა სახელმწიფო და ბიძინა ივანიშვილი კი პარტია. ჯამში, ბიძინა გამოდის სახელმწიფო.
–ბიძინა ივანიშვილმა მოღალატე უწოდა გიორგი გახარიას და ამის მერე „ქართული ოცნების“ ლიდერები ძალიან აგრესიულები გახდნენ გახარიას მიმართ. არსებობს მოსაზრება, რომ გახარიას ევროპისა და ამერიკის მხარდაჭერა აქვს და კოალიციური ხელისუფლების შემთხვევაში, დიდი შანსია მას ჰქონდეს ე.წ. ხმების ჩამკეტი პროცენტი, „ოქროს გასაღები“. ეს ხომ არ არის მიზეზი გახარიას ლანძღვა–გინებისა?
– გიორგი გახარიას აქვს ზედმეტი წარმოდგენები თავის თავზე, მიდი, ასე ვთქვათ. მას ჰგონია, რომ ის ცოდვები, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნისას ჩაიდინა, ხალხმა დაივიწყა. 7 ნოემბერის საქმეზე სააკაშვილს ასამართლებენ და 20 ივნისი გამოსაძიებელი რომ არის და დამნაშავენი დასასჯელები, ეს ავიწყდება. ჯერჯერობით, რადგან ოპოზიციონერის სტატუსშია, მას ამ და სხვა ბრალდებებს არ უყენებენ. თუ გახარიას ჰგონია, რომ „ოქროს გასაღები“ თუ „ოქროს მანდატები“ ექნება და იძულებულს გახდის ყველას, რომ პრემიერ–მინისტრის პოსტი მიიღოს, ეგ არ მოხდება, აგერ მე და აგერ თქვენ. ის პოლიტიკური ბალანსი, რომელიც ახლა კეთდება ქვეყანაში, გახარიას ამის საშუალებას არ მისცემს. თუ კოალიციური მთავრობა მივიღეთ, მესამე ძალა ისე ბიძინა ივანიშვილი იქნება. ნახავთ მალე, მარტის მერე, პარლამენტი დასწევს ბარიერს 3%–მდე. პარლამენტში შეიყვანს მინიმუმ 3 სატელიტურ პარტიას, რომ მათი მანდატებით შექმნას უმრავლესობა. ვფიქრობ, ეს სამი სუბიექტი იქნება „პატრიოტთა „ალიანსი“, „ალტ–ინფო“ და „ხალხის ძალა“, კარგი დაფინანსების შემთხვევში, არ გაუჭირდებათ 3%–ის აღება. ამ სამმა პარტიამ 2–2 ანუ 6 დეპუტატი რომ გაიყვანონ, ბიძინამ ბარიერგადაულახავ, ძალზე დაბალპროცენტიან პარტიებს 0.3 და 0.5 პროცენტები– ნაშთი რომ მოჰპაროს და ასეც მოიქცევა, მაშინ კი მოაგროვებს „ქართული ოცნება“ 40%–ს და სად არის აქ გიორგი გახარიას ადგილი, ერთი მითხარით? გახარიას გარეშე აკეთებს უმრავლესობას და ამით დამთავრდება. მეორე, იმ შემთხვევაში, თუ ბიძინამ ეს ვერ გააკეთა, ვერ დაიმატა თავისივე წიაღიდან მანდატები, ვის რა გარანტია აქვს, რომელიმე სხვა მოთამაშე კოალიციურ მთავრობას არ გააკეთებს „ნაცმოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, ან „ქართულ ოცნებასა“ და იმ ახალ ბლოკთან ერთად, რომლის შექმნასაც ოპოზიცია აპირებს? თუ ოპოზიცია ძალოვანი მინისტრების პორტფელებს წაიღებს, ყველა ვარიანტში დათანხმდებიან კოალიციურ მთავრობას გახარიას გარეშე. გახარია ორივე სქემიდან ამოვარდნილია. გახარია, იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებას ებრძოლოს, სააკაშვილს ებრძვის. ჯერ ერთი, წაქცეულ კაცს არ ურტყამენ. მერე, სააკაშვილი 7 ნოემბრისთვის გასამართლებულია და შენ 20 ივნისისთვის არ ხარ გასამართლებული. როდის იყო ოპოზიცია ოპოზიციას ებრძოდა არჩევნების წინ? ეს ყველაფერი გახარიას უდიდესი შეცდომაა. გარდა ამისა, საუკეთესი შემთხვევაში, ისიც თუ დასავლეთი დაეხმარა, 10%–ზე მეტს ვერ აიღებს გახარიას პარტია და ეგეც მეეჭვება.10%–იანი პარტიის ლიდერს არც ევროპა და არც ამერიკა არ ეტყვიან ხელისუფლება შექმენიო, ხმების ასეთი დაბალი პროცენტის მიმღები პარტიის ლიდერზე ისინი დიდ ფსონს არ დასდებენ.