ზოგიერთი ევროკომისრის მხრიდან, რომელსაც საკუთარი პირადი დამოკიდებულება აქვს ქართველი ხალხის მიმართ, ვხედავთ მცდელობებს, არ შეიმჩნიონ გეოგრაფია და შეხვედრები შავი ზღვის რეგიონის საკითხებზე მოაწყონ საქართველოს მონაწილეობის გარეშე, მაგრამ გეოგრაფიას ვერ დაამარცხებენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, პირველ რიგში, ევროკავშირის ქვეყნების ინტერესებშია.
„საქართველოს ვერავინ გადაახტება რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობით. ასე რომ, ეს პროექტი, პირველ რიგში, არის ევროკავშირის წევრი ქვეყნების ინტერესებში და ამიტომაც ეს პრიორიტეტი ვერსად წავა. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, რომელმაც საქართველო რუმინეთთან უნდა დააკავშიროს და რომელმაც უნდა მისცეს შესაძლებლობა რეგიონიდან მწვანე ენერგიის გადაცემას ევროკავშირში, უპირველესად ევროკავშირის მოსახლეობის ინტერესებშია. ამას ვგულისხმობთ ჩვენ გონივრულ თანამშრომლობაში, ნაცვლად აქტივიზმისა, რომელსაც ხანდახან ვხედავთ ზოგიერთი ევროკომისრის მხრიდან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მიერ ინიცირებული შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომელიც საქართველომ და რუმინეთმა ერთობლივად წარადგინეს 2024 წლის ბოლოს ორმხრივი ინტერესების პროექტის (Project of Mutual Interest) სტატუსის მისაღებად ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ორმხრივი ინტერესების პროექტების ჩამონათვალში შეიტნეს.
კერძოდ, 2025 წლის 1 დეკემბერს, ევროკომისიამ მიიღო დელეგირებული მარეგულირებელი აქტი და შესაბამისად გამოაქვეყნა საერთო და ორმხრივი ინტერესების პროექტების ჩამონათვალი, რომელშიც შეიყვანა შავი ზღვის კაბელის პროექტი. ევროკომისია გადაგზავნის რეგულაციას ევროპარლამენტში და ევროსაბჭოში დასამტკიცებლად. ევროპული კანონმდებლობის თანახმად დამტკიცებულ ორმხრივი ინტერესის პროექტებს აქტიური სამართლებრივი, ფინანსური და სტრატეგიული მხარდაჭერა ექნება ევროკავშირის მხრიდან.
შავი ზღვის კაბელის პროექტმა აქტიური ტექნიკურ-ეკონომიკური შემოწმება გაიარა ევროკომისიის ენერგეტიკის დირექტორატში, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი მნიშვნელობა, საჭიროება და პოტენციალი.
ორმხრივი ინტერესების პროექტების სიაში შეტანით შავი ზღვის კაბელის პროექტი მიიღებს საჭირო სტრატეგიულ, სამართლებრივ და ეკონომიკურ მხარდაჭერას. ეს არის ევროკომისიის მიერ შემუშავებული პირველი სამართლებრივი დოკუმენტის პროექტი, რომელმაც დაადასტურა პროექტის მიმართ მხარდაჭერის მზაობა.




