ბოლო დღეების განმავლობაში კრიპტო ბაზარზე საკმაოდ მნიშვნელოვანი რყევები დაფიქსირდა – ბიტკოინი 90 ათას დოლარიან ნიშნულსაც ჩამოსცდა.
როგორც რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას „კრიპტო ბაზრის“ თანადამფუძნებელი ნიკა თოდუა განმარტავს, არა მხოლოდ კრიპტო ბაზარი, არამედ სხვა ინდუსტრიებიც ტურბულენტურ ზონაში არიან მოქცეულები, რისი ერთ-ერთი მიზეზი მსოფლიოში არსებული პოლიტიკური ვითარებაც არის.
„თუ შევხედავთ კრიპტო ბაზრის ერთ წლიან მოძრაობასა და ბიტკოინის ფასს, ამ წლის მანძილზე უფრო დაბალ ნიშნულზეც იყო – 70 ათასზე. თუ დავაკვირდებით ინდუსტრიას უფრო შორიდან, ყოველდღიურ გამოყენებაში თუნდაც ბიტკოინი ან ნებისმიერი სხვა კრიპტო ვალუტა, ჯერჯერობით არ არის. ამდენად, რაც არ უნდა მაღალი ან დაბალი იყოს ფასების მოძრაობა, ამ ეტაპზე სრულად არ ასახავს იმას, რაც შეიძლება რეალობაში გვქონდეს. მაგალითად, რომ წარმოვიდგინოთ, მოსახლეობამ კრიპტო ინდუსტრიაში არსებული ეს პროდუქტები გადახდებში რომ გამოიყენოს, ბაზარი რადიკალურად განსხვავებული იქნება და სხვა სურათს მივიღებთ.
ტურბულენტობის ერთ-ერთი განმაპირობებელი რაც იყო, 10-11 ოქტომბერს ბაზარზე კრიპტო ვალუტების კასკადური ლიკვიდაციები მოხდა. ასევე, ამ პერიოდს დაემთხვა ის ფაქტი, რომ ტრამპმა ჩინეთის ტარიფების საკითხი უკვე მერამდენედ წამოწია და სადღაც ერთ კვირაში სი ძინ პინს შეხვდა, რამაც სიტუაცია განტვირთა. ასევე, 2-3 კვირით ადრე საპროცენტო განაკვეთთან მიმართებაში გაურკვევლობა იყო. ახლა მოლოდინია, რომ მომდევნო დღეებში საპროცენტო განაკვეთი დაიწევს. ძირითადად, ეს წელი, რა მოძრაობაც გვაქვს, მაინც უფრო დიდი მოთამაშეების არის, ვიდრე ჩვეულებრივი მოკვდავების, რომლებიც კრიპტო ვალუტას ვყიდულობთ და ვყიდით“, – აცხადებს ნიკა თოდუა.




