„გუდაურში მომარაგებაც კი რთულია, პროდუქტის გაძვირება გიწევს“- გეგა სალუქვაძე

გუდაურში ტურისტულ და კვების ობიექტებში არსებული ფასები კრიტიკის საგანი გახდა. სოციალურ ქსელში აქტიურად მიმდინარეობს იმის განხილვა, რომ საქართველოს ამ კურორტზე ფასები ძალიან გაზრდილია და ამ და სხვა პრობლემების გამო გუდაურში წასვლისგან ტურისტები თავს იკავებენ.
კურორტზე არსებული მდგომარეობის შესაფასებლად „კომერსანტი“ საქართველოს მთის კურორტების ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს და „დაიცავი მთის კურორტების“ დამფუძნებელს გეგა სალუქვაძეს დაუკავშირდა.
გეგა სალუქვაძე მაღალი ფასების რამდენიმე მიზეზს ასახელებს.
„გუდაურში კვების ობიექტებზე არსებული ფასები საქართველოს მოქალაქეებისთვის ნამდვილად ძვირია, მაგრამ თუ გინდა, რომ კარგი სერვისი გქონდეს და „სტაფის“ შენარჩუნებაც შეძლო, პროდუქტის გაძვირება გიწევს, გუდაურში პროდუქტის მომარაგებაც კი რთულია, რადგან ეს სპეციალური ტექნიკის გამოყენებას საჭიროებს.
ფასებთან მიმართებით ჩვენ უფრო გვაღელვებს იმ ობიექტების ფასები, რომლებიც სახელმწიფოს ბალანსზეა, მაგალითად საბაგიროები, რადგან საქართველოს მოქალაქისთვის 70 ლარი დღიურ აბონემენტში რთული გადასახდელია, სეზონურ აბონემენტებზე უფრო ადეკვატური ფასებია, თუმცა სეზონური აბონემენტების მოხმარება ძალიან დაბალია. ჩვენი ინიციატივა იყო, რომ გაგვეკეთებინა ისე, როგორც ფუნიკულიორის ტრამვაიზეა, ქართველი მომხმარებლისთვის დაგვეწესებინა სხვა ფასი, უცხოელი მომხმარებლისთვის სხვა, ასევე გვინდა, რომ საქართველოს მომხმარებლებზე გავრცელდეს სხვადასხვა საშეღავათო პაკეტები და ფასდაკლებები. ეს ფასი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საკმაოდ ადეკვატურია. ფასებთან მიმართებით ჩვენ მხოლოდ საბაგიროების ფასის ნაწილში გვაქვს პრეტენზია.
კერძო ბიზნესს ვერ უკარნახებ რა ფასი დააწესოს, მათ ასე უჯდებათ ბიზნესის შენახვა. ბიზნესის კეთება რთულია ასეთ რელიეფურ პირობებში, როგორიც გუდაურია. პროდუქტის ატანა არა მხოლოდ მთაზეა რთული, არამედ ქვევით, სადაც კაფეები ოპერირებენ. საცობების პრობლემა არასდროს მოგვარდა, ხშირად არის შემთხვევები, როდესაც დისტრიბუტორები ობიექტამდე ვერ აღწევენ და მერე სტაფს უწევს კილომეტრები წყლის და სხვა პროდუქტების ხელით ტარება,“ – აღნიშნა გეგა სალუქვაძემ.