ბრიუსელში 2 დეკემბერს დაგეგმილი პარტნიორობის საბჭოს სხდომის შედეგების მიხედვით, სომხეთი და ევროკავშირი ხელს მოაწერენ სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგს. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
როგორც „არმენპრესი“ იუწყება, ამის შესახებ ბრიუსელში სომეხ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა კომისარმა მარტა კოსმა. ახალ პარტნიორობის დღის წესრიგს ხელს მოაწერენ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასი.
„გაიმართება ევროკავშირ–სომხეთის პარტნიორობის საბჭოს სხდომა, სადაც ჩვენ დავამტკიცებთ სომხეთსა და ევროკავშირს შორის ახალი სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგს, რომელიც იქნება სამოქმედო გეგმა – ის, რასაც შეგვიძლია ერთად გავაკეთოთ,“ – განაცხადა მარტა კოსმა.
მისი თქმით, დღის წესრიგი მოიცავს დახმარებას, რომელიც შეუწყობს ხელს სომხეთის ეკონომიკურ განვითარებას და ინსტიტუტების გაძლიერებას.
ახალი პარტნიორობის დღის წესრიგი ასევე მოიცავს თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროშიც.
მარტა კოსის განმარტებითვე, ისინი დაეხმარებიან სომხეთს შესაძლო ჰიბრიდული საფრთხეების, დეზინფორმაციის გავრცელებისა და კიბერთავდასხმების წინააღმდეგ, განსაკუთრებით დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ.




