ისე მოუმზადებლად, როგორც 10-15 წლის წინათ, კორპორაციას ან ადამიანს შეიძლება ჰქონოდა სურვილი სადაზღვევო კომპანია შეექმნა – ახლა მნიშვნელოვნად უნდა დაფიქრდეს. ამ ბაზარზე და ამ მაღალ კონკურენციაში ინვესტორს ძალიან კარგი სასტარტო პირობები უნდა ჰქონდეს, ან რომელიმე წარმატებული, ან აღმავალ გზაზე მდგომი სადაზღვევო კომპანია უნდა იყიდოს, – ამის შესახებ დაზღვევის კავშირის გენერალურმა მდივანმა ლაშა ნიკოლაძემ გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, სადაზღვევო ბაზარი საბოლოო ჯამში მცირეა და ინდუსტრია სავალდებულო დაზღვევის კანონს ელოდება, რომელიც ბაზარზე სიტუაციას მნიშვნელოვნად შეცვლის.
“9 თვის შედეგების მიხედვით, წმინდა მოგების პარამეტრი, მიუხედავად იმისა, რომ სადაზღვევო მოზიდვა საკმაოდ სოლიდური პროცენტით არის გაზრდილი, შემცირდა. ამას ორი ძირითადი მიზეზი აქვს. ამის ერთ-ერთი მიზეზი გახლავთ ის, რომ ყველაზე მსხვილ მიმართულებაში – ჯანმრთელობის დაზღვევაში საკმაოდ მოიმატა ერთ დაზღვეულ ადამიანზე უტილიზაციის მაჩვენებელმა, რაც სამედიცინო დაზღვევის მიმართულებით ხარჯებს ზრდის. გარდა ამისა, ჩვენ თუ ავიღებთ “საქსტატის” მონაცემებს და ჩვენს დამოუკიდებელ მონაცემებს – ვნახავთ, რომ სამედიცინო სერვისების ფასები უფრო მეტად არის გაზრდილი, ვიდრე სადაზღვევო პრემიის ფასები. ანუ, სადაზღვევო პრემიის ზოგიერთი მიმართულება ან ერთ ადგილას დგას ან უმნიშვნელოდ არის გაზრდილი, ზოგიერთ შემთხვევაში კლებასთანაც გვაქვს საქმე. შესაბამისად, ის მოგება, რომელიც ამ პრემიებს უნდა დაეგენერირებინათ უტილიზაციის ხარჯზე შემცირებულია. ამან მნიშვნელობა იქონია ზოგად სურათზეც და შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ საოპერაციო მოზიდვა გაზრდილია, წმინდა მოგების პარამეტრი მნიშვნელოვნად შეამცირა.
გარდა ამისა, ის პარამეტრები, რომლებსაც ჩვენ აღვნიშნავთ ხოლმე მაგალითად, ჯანმრთელობის დაზღვევის, ავტომობილის დაზღვევის ზრდა იგივე ტემპებით მიმდინარეობს როგორც ადრე, რომელიც საკმაოდ მცირეა. სადაზღვევო ინდუსტრია მოლოდინშია ისევ იმ სავალდებულო დაზღვევისა, რომელიც უკვე ძალიან მაღალ დონეზეა დამუშავებული.
10-15 წლის შედეგებს თუ გადავხედავთ – სადაზღვევო ინდუსტრიამ და მათ შორის, სადაზღვევო რეგულატორმაც არამარტო ცნობადობის, არამედ განხილული ზარალების სტრუქტურირების ნაწილში სპეციალური სამსახურის შექმნის ნაწილში ძალიან დიდი ნაბიჯები გადადგა. დღეს, რა თქმა უნდა, სასამართლოებში მიდის სადაზღვევო “ქეისები”, მაგრამ მანამდე გადის იმ ეტაპებს, რომელიც იხილავს და რეკომენდაციებს გასცემს კონკრეტული ანაზღაურების შესახებ. ყველაზე კარგი რეკლამა დაზღვევისთვის სწორად ანაზღაურებული ზარალია. რაც შეეხება საინვესტიციო თვალსაზრისს,ბოლო წლებში ე.წ. დიდ და პატარა სადაზღვევო კომპანიებს შორის დიფერენცირება მოხდა.
ჩვენ ვხედავთ, რომ 7 კომპანიას შემოსავლებში კლება აქვს, ხოლო დიდ კომპანიებს კიდევ უფრო მეტი ზრდა. შესაბამისად, როლი როგორც სადაზღვევო კომპანიისა, ისე, მათი ინტელექტისა და თუნდაც უკან მდგომი კორპორაციებისა, რომელიც დიდი სადაზღვევო კომპანიების უკან დგას, გაცილებით უფრო წინ არის წამოწეული, ვიდრე 10-15 წლის წინ იყო”, – აცხადებს ლაშა ნიკოლაძე.
bp.ge




