იმერეთის რეგიონის სამელიორაციო ინფრასტრუქტურის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულ ლევან ზალკალიანთან და მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე იმერეთის რეგიონში განხორციელებული და მიმდინარე სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს. გიგლა თამაზაშვილმა სამელიორაციო სამუშაოების დაგეგმვის პროცესში ადგილობრივი ხელისუფლების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქუთაისში მაშველის არხის რეაბილიტაციის აუცილებლობის საკითხზე. როგორც გიგლა თამაზაშვილმა აღნიშნა, პირველ ეტაპზე დაიგეგმება პროექტირების სამუშაოები, ხოლო შემდეგ არხის რეაბილიტაცია დაიწყება.
შეხვედრა იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გაიმართა, რომელსაც „საქართველოს მელიორაციის“ ხელმძღვანელი პირები და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ 2012-2024 წლებში იმერეთში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, წყალუზრუნველყოფილია 12075 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი, სარწყავი წყლის მიწოდება 15 270 ჰექტარზე გაუმჯობესდა, ხოლო დრენირებული მიწის ფართობმა 3385 ჰექტარი შეადგინა.
ინფორმაციას შპს „საქართველოს მელიორაცია“ ავრცელებს