პირველკლასელთა რეგისტრაციას ახალი ეტაპი დაემატება – საყოველთაო რეგისტრაციამდე ბავშვის საცხოვრებელი ადგილის პრინციპით დარეგისტრირება იქნება შესაძლებელი

პირველკლასელთა რეგისტრაციას, ახალი ეტაპი დაემატება, რაც მოსწავლის საცხოვრებელი ადგილის პრინციპით რეგისტრაციას გულისხმობს.
ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ ზოგადი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფციის პრეზენტაციისას განაცხადა.
მისივე თქმით, პირველ ეტაპზე, რეგისტრაციის ახალი ეტაპი მხოლოდ დიდ ქალაქებში მცხოვრებ მოსწავლეებზე გავრცელდება.
„შემოგვაქვს ახალი მოცემულობა რეგისტრაციასთან დაკავშირებით. იცით, რომ საყოველთაო რეგისტრაცია არის ბოლო ეტაპი და საყოველთაო რეგისტრაციამდე ჩვენ ვაპირებთ, რომ შემოვიღოთ კიდევ ერთი სარეგისტრაციო ეტაპი, რომელიც უკავშირდება ბავშვის იმ სკოლაში რეგისტრაციას, რომელიც არის დაკავშირებული მის საცხოვრებელ ტერიტორიულ პრინციპთან.
პირველ ეტაპზე, ეს მიმართულება განხორციელდება დიდ ქალაქებში და შემდგომში ნელ-ნელა, საჭიროებიდან გამომდინარე, ქვეყნის მასშტაბითაც გავრცელდება“,- განაცხადა გივი მიქანაძემ.