კანადა „ევროპის უსაფრთხოებისთვის მოქმედების“ (SAFE) პროგრამას შეუერთდა, – ამის შესახებ აღნიშნულია ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენისა და კანადის პრემიერ-მინისტრის, მარკ კარნის ერთობლივ განცხადებაში.
150 მილიარდი ევროს ოდენობის SAFE ფონდზე წვდომა კანადურ კომპანიებს საშუალებას მისცემს, სამხედრო აღჭურვილობის შესაძენად მიიღონ შეღავათიანი სესხები, რომლებიც ევროკავშირის გარანტიით იქნება უზრუნველყოფილი.
„მივესალმებით კანადის SAFE-ში მონაწილეობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასრულებას. გლობალური უსაფრთხოებისთვის კრიტიკულ დროს, ჩვენ შევქმნით მდგრად თავდაცვის მიწოდების ჯაჭვებს ჩვენს ინდუსტრიებს შორის. ჩვენი შესაბამისი ინდუსტრიული ბაზების გაძლიერებით, ჩვენ შევქმნით მეტ სამუშაო ადგილს, მეტ ზრდას და მეტ შესაძლებლობებს, რაც გადამწყვეტია ჩვენი თავდაცვის მზადყოფნისთვის. SAFE ასევე უზრუნველყოფს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მხარდაჭერას უკრაინისთვის და გაზრდის უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის მდგრადობას. უკრაინის გვერდით ვდგავართ რუსეთის მიერ სასტიკი აგრესიის ომის დაწყების დღიდან და ვაგრძელებთ მის გვერდით დგომას. ვმუშაობთ უკრაინისთვის სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად“, – აღნიშნულია განცხადებაში.
„ევროპის უსაფრთხოებისთვის მოქმედების“ ფონდი 2025 წლის მაისში შეიქმნა, რუსეთიდან მომდინარე მზარდი საფრთხისგან ევროპის დაცვის გაზრდის მიზნით. SAFE-ის მიზნები ასევე მოიცავს ევროპის თავდაცვის აშშ-ზე დამოკიდებულების შემცირებას და უკრაინისთვის დახმარების გაწევას.



