„იმედია, აირწინაღებით არ მოგვიწევს სიარული“

კვლევების თანახმად, ბოლო დროს დედაქალაქში ზოგადი დაბინძურების მაჩვენებელი მაღალია, ხოლო ჰაერის ხარისხი – დაბალი, რასაც მწვანე სივრცეებისა და პარკების ნაკლებობა განაპირობებს (ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება ხდება როგორც ბუნებრივი, ისე ანთროპოგენური წყაროებიდან). მყარი ნაწილაკებით დაბინძურების მნიშვნელოვან ბუნებრივ წყაროს შორის გამოირჩევა საქართველოში საჰარის, არაბეთის ნახევარკუნძულიდან და შუა აზიიდან პერიოდულად შემოჭრილი უდაბნოს მტვრის მასები. ანალოგიურ მოვლენასთან გვაქვს საქმე, როცა 6 ნოემბრიდან დღემდე დედაქალაქში ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10 და PM2.5) კონცენტრაციის ზრდა ფიქსირდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს განმარტებით, ჰაერში მათი კონცენტრაცია განპირობებულია სამხრეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით. სპეციალისტები განმარტავენ, რომ PM2.5 (უმცირესი ზომის მტვრის მყარი ნაწილაკები) დონე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდებულ ნორმაზე 3.6-ჯერ მეტი იყო და ეს უშუალო საფრთხეა თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობისთვის. როგორც “საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების” თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე განმარტავს,­ თბილისის მთავარი პრობლემა ძალიან ცუდი განიავებაა, რაც ამ მტვრის მასებს ქალაქში აკავებს.
– ეს არის ციკლონს, ჰაერის მასებს შემოყოლილი მტვრის ნაწილაკები, რომელიც, როგორც ამბობენ, შემოსულია სამხრეთიდან და რამაც გამოიწვია სმოგი (შავი, სქელი ნისლი) ქალაქში. ეს პრობლემა პერიოდულად არის თბილისში იმის გამო, რომ დედაქალაქის განიავება შეზღუდულია. ჯერჯერობით ის ქალაქში კონცენტრირდება. ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) მატება ალერგიულ რეაქციებს, ფილტვებისა და სასუნთქი სისტემების დაზიანებას იწვევს, მკვეთრად ასუსტებს იმუნიტეტს. ეს განსაკუთრებით რთულად გადააქვთ ასთმური სიმპტომების მატარებლებს და ა.შ. ქალაქში კარგი განიავება რომ ყოფილიყო, არ ყოფილიყო ჩაკეტილი მაღალი შენობებით, ეს პრობლემა ნაკლებად იქნებოდა, მტვრის მყარი ნაწილაკების გავრცელებას ხელს შეუშლიდა.
– რა იწვევს ჰაერში მყარი ნაწილაკების მაღალ კონცენტრაციას და ბოლოს როდის იყო ასეთი მაღალი მაჩვენებელი?
– ჰაერში მყარი ნაწილაკების მაღალ კონცენტრაციას იწვევს მტვერი და ტრანსპორტით დაბინძურება, სამშენებლო მოედნები, რომლებიც ქალაქში უხვადაა. ტრანსსასაზღვრო მტვერი ნიშნავს, რომ ის შემოსულია სხვა რეგიონებიდან, ამ შემთხვევაში – სამხრეთიდან. მანამდე იყო სამხრეთ აზიიდან, საჰარიდან, აგრეთვე ცენტრალური აზიიდან შემოსული ქარის მასები (სადაც კავკასიონი გვიცავს), ამ შემთხვევაში კი ზღვიდან შემოდის.
ეს პრობლემები წარმოშობილია იმ ნაკადების გამო, რაც ბოლო პერიოდში გლობალური კლიმატური ცვლილების ფონზე ხდება. თვითონ ატმოსფეროში, ტროპოსფეროსა და საზოგადოდ, სტრატოსფეროში­ ისეთი მოვლენებია დედამიწის გარშემო­, განსაკუთრებით მთელ ატმოსფეროში, რომ ზუსტი პროგნოზირება ვერ კეთდება, რა და როგორ უნდა ხდებოდეს. მთლიანად დედამიწაზე ძალიან სწრაფად იცვლება ქარის მოძრაობის სურათი. ჩვენს დედაქალაქში მაღალსართულიანი მშენებლობის შედეგად ქალაქს განიავება აღარ აქვს, შესაბამისად, ტრანსსასაზღვრო დაბინძურება უფრო შესამჩნევია. ამ შემთხვევაში ორი ფაქტორია: ერთი – PM არის ტრანსსასაზღვრო დაბინძურების შედეგად შემოსული, და მეორე -რომ PM შეიძლება გაიზარდოს ტრანსპორტიდან დაბინძურებით. მსოფლიოში არის მეგაპოლისები, სადაც მაღალი შენობები უხვადაა, მაგრამ დაბინძურება ზოგ შემთხვევაში აღარაა, მაგალითად, პეკინს ჰქონდა დაბინძურების პრობლემები და ამიტომაც ძალიან მკაცრი ზომები გაატარეს, ისევე როგორც ტოკიოში და დღეს ისინი ყველაზე სუფთა ქალაქებია.
– რა სახის ღონისძიებები უნდა გავატაროთ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად?
– აუცილებელია გამწვანების მაღალი კოეფიციენტი, მწვანე ნარგაობა და სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, მაგალითად, დიდი მნიშვნელობა აქვს ქალაქის სწორად დაგეგმარებას, ასევე, ასეთი ნაკადების აერაციას ანუ განტვირთვას. თბილისს ჰაერის მიმოქცევა ჩაკეტილი აქვს ვერის ხეობიდან და მთაწმინდიდან იმიტომ, რომ სახლები აშენდა და ნაკადები აღარ შემოდის. “ქარის ვარდი” შეცვლილია ქალაქში. ბოლო პერიოდში ტრანსპორტის რაოდენობა ძალიან გაზრდილია, გახშირდა ისეთი კლიმატური მოვლენა, როგორიცაა სხვა ქვეყნებიდან ჰაერის მასების შემოსვლა. მანამდე ქალაქი ამას ვერ გრძნობდა, დღეს კი პრობლემატურია.
ბევრ ქვეყანაში, იმისთვის, რომ ამ მტვერს ებრძოლონ, მიდის მხოლოდ და მხოლოდ უდაბნოების ინტენსიური განაშენიანება, რათა ნაკადი გააჩერონ. სხვათა შორის, მარტო წელს კი არა, ჩვენ შარშან და შარშანწინაც გვქონდა ჰაერის დაბინძურების შემთხვევები. ამიტომაც გვჭირდება უხვი გამწვანება. შემოვიღოთ თუნდაც ვერტიკალური და ჰორიზონტალური ბაღები, რათა როგორმე ამითაც შევებრძოლოთ პრობლემას.
– როგორც ამბობთ, დაბინძურებული ატმოსფერო მძაფრად საგრძნობი უფრო თბილისისთვისაა. რომელ უბნებს გამოარჩევთ?
– თბილისში იმიტომაა საგრძნობი, რომ დედაქალაქში მეტი განაშენიანებაა და ეს იწვევს დაბინძურებას. ატმოსფერო თითქმის ყველა უბანშია დაბინძურებული. ადრე “ქარის ვარდის” მიმართულებით განისაზღვრებოდა, სად შეიძლებოდა გაშენება და სად არა. ქალაქზე ეს მონაცემები დღეს აღარ გვაქვს, სქემები არავის გაუკეთებია, არ დაუხაზავთ. ეს გაკეთდა მე-20 საუკუნეში საქართველოსთვის, კონკრეტულად, თბილისისთვის.
ახლა სქემები თავიდან გასაკეთებელია, ვინაიდან შეცვლილია “ქარის ვარდი” (ჰაერის მოძრაობა გარკვეული ტრაექტორიით. ის იშლება სპირალურად, აჩვენებს განაწილებას, საიდან მოდის ქარი და რა ინტენსივობით), სამწუხაროდ, არ მაქვს ინფორმაცია, ამაზე ვინმე თუ ფიქრობს ან მუშაობს.
– თბილისის გარდა, ჰაერის დაბინძურებით რომელი ქალაქები გამოირჩევა?
– თითქმის ყველგან გვაქვს ეს პრობლემა, განსაკუთრებით რუსთავშია მაღალიPM. გააჩნია, საიდან მოდის ატმოსფერული ჰაერის მასები, პრაქტიკულად, ეს შესაძლებელია ნებისმიერ ქალაქში მოხდეს. ტრანსპორტის რაოდენობა იმდენად მაღალია, რომ სმოგი ჯერ მხოლოდ თბილისსა და რუსთავზეა. თავის დროზე, სერიოზული დაბინძურება იყო ზესტაფონში, მაგრამ ახლა ნაკლებადაა. ჰაერის დაბინძურება შემდეგ ფაქტორებს უკავშირდება: ტრანსპორტის სიმრავლესა და გამონაბოლქვს, სამშენებლო მოედნებს, ქუჩების ცუდ გამტარიანობას, ძალიან ბევრ მანქანას საცობში. ეს იწვევს კონკრეტული ქუჩების დამატებით დატვირთვას. ატმოსფერული ჰაერი ყოველთვის არა, მაგრამ ბევრ შემთხვევაში გადააჭარბებს ხოლმე ზოგიერთი ელემენტის ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციებს.
– ასეთ კრიტიკულ დღეებში როგორ იქცევა ხელისუფლება, შესაბამისი სამსახურები? უნდა აფრთხილებდნენ თუ არა მოსახლეობას და გასცემდნენ რეკომენდაციებს?
– შესაბამისი სამსახურები, წესით და რიგით, უნდა აფრთხილებდნენ მოსახლეობას და ამას უნდა მოჰყვებოდეს კონკრეტული საიტის მისამართი, სადაც მოქალაქეს შეუძლია ნახოს, როგორ უნდა მოიქცეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. სამწუხაროდ, ეს ჰაიდლაინები ბოლომდე დამუშავებული არ არის, რომ მოსახლეობისთვის იყოს ნათელი ხანძრის, ქარბუქისა და სხვა სტიქიების დროს როგორ მოიქცეს. როცა ძალიან დაკვამლულია ქალაქი, როდესაც დიდი რაოდენობით PM-ია შემოსული, პირველი რეკომენდაციაა, რომ მაქსიმალურად შევეცადოთ მტვერი პატარებს ავარიდოთ, სეირნობა შესაძლებელია ძალიან ადრე დილით, ან ძალიან გვიან, როცა, ასე ვთქვათ, ეს ნაწილაკები უფრო დალექილია. ჯობს გარეთ გასვლისგან თავი შეიკავონ მათ, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. კიდევ ერთი – გამწვანების კოეფიციენტი თბილისში უფრო მაღალი უნდა იყოს. ასევე, აუცილებელია ვაშენოთ დაბალი შენობები, თუმცა, როგორც ვხედავთ, ამას არავინ აპირებს, პირიქით, კოეფიციენტებს ზრდიან და უფრო მაღალ შენობებს აგებენ.
– ვინმე აკონტროლებს გამონაბოლქვს, საწვავის ხარისხს, სამშენებლო მტვერს?
– ეს კომპლექსური ღონისძიებებია და ასე მარტივად ვერ მოვაგვარებთ. პირველ რიგში ტექდათვალიერებას უნდა ჰქონდეს თავისი დანიშნულება კონკრეტულად ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების გამო. გარემოს დაცვის სამინისტროს აქვს ქვედანაყოფი (რამდენიმე ჯგუფი), რომელიც ქალაქებში ამოწმებს გამონაბოლქვს თითოეული მანქანიდან. ამაზე შემოღებულია საჯარიმო სანქციებიც, თუმცა ეს არ არის საკმარისი და ვერ მოგვცემს შედეგს. უკეთესია ავტომანქანებს ჰქონდეთ კატალიზატორები, გარდამქმნელები. ამის გარდა, თითო მანქანას უნდა ჰქონდეს მდგომარეობა ისე აღწერილი, რომ ტექდათვალიერების დროს მკაცრად კონტროლდებოდეს მისი ძრავა, საწვავის გამონაბოლქვის რაოდენობა და ა.შ. კიდევ ერთი მომენტი – მნიშვნელოვანია, რომ გზების გამტარუნარიანობა იყოს გაზრდილი და თუ ამას ვერ ვახერხებთ, მაშინ გამოსავალია ოთხნიშნა შუქნიშნები, სადაც მეოთხე აფრთხილებს მძღოლს, რომ გამორთოს ძრავა, რათა კონკრეტულ ადგილებში ზედმეტი გამონაბოლქვის კონცენტრირება არ იყოს. საცობებში მძღოლი არ აქრობს მანქანას და მასების კონცენტრაცია ხდება, რაც იწვევს მყარი ნაწილაკების დაგროვებას. ყოველივე ეს სატრანსპორტო პოლიტიკაში უნდა იყოს გაწერილი.
– რა პრობლემებს უქმნის ქალაქს კრწანისის ტყე-პარკის განაშენიანება (სადაც არაბული ინვესტიცია იგეგმება), რა როლი აქვს ამ კონკრეტიულ ტერიტორიას, რისგან იცავს ეს ბუფერი ქალაქს და რა პრობლემები გველის მისი მოსპობის შემთხვევაში?
– თბილისში კრწანისის ტყე-პარკიღაა დარჩენილი, რომელიც ქალაქს იცავს იმ ჰაერისგან, რომელიც რუსთავიდან მოედინება, ხდება აერაცია და გარკვეულწილად ილექება ამ გამწვანებულ ზონაში. ეს არის ის საშუალება, რითაც ქალაქს შეუძლია ჯერჯერობით სუნთქვა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ტერიტორია ქალაქისთვის შენარჩუნდეს. რუსთავ-თბილისის გზატკეცილზე პატარა მონაკვეთი, კრწანისის პარკიღაა დარჩენილი და იქაც ვაპირებთ რაღაცის აშენებას. ეს დერეფანი ქალაქს იცავს. უნდა დაიგეგმოს კონკრეტული ღონისძიებები, იმედია, აირწინაღებით არ მოგვიწევს სიარული.
– ზამთრის პროგნოზზე რას გვეტყვით, როგორი ამინდები გვექნება სეზონზე?
– ახლა დაბალი ტემპერატურებია ევროპის კონტინენტზე და ჩვენთანაც შემოდის ნელ-ნელა, თუმცა ნოემბრისთვის საქართველოს ტერიტორიაზე უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურა იყო. ვიმედოვნებთ, რომ ნელ-ნელა მოგვიახლოვდება ზამთარი, თუმცა, როგორც წესი, უფრო დაბალ ტემპერატურებს თებერვალ-მარტში ვაფიქსირებთ, დეკემბერ-იანვარი შედარებით თბილია. კლიმატის ცვლილების ფონზე ამინდის წინასწარი პროგნოზი პრაქტიკულად შეუძლებელია, მეტეოროლოგები გრძელვადიან პროგნოზებს ვერ იძლევიან. არის ისეთი სცენარებიც, რომ თუ გოლფსტრიმის დინებამ შეიცვალა ტრაექტორია, ამ შემთხვევაში ტემპერატურა შეიძლება მკვეთრად დაეცეს ევრაზიის კონტინენტზე (მინუსებში იყოს ტემპერატურა) და ზამთარი უფრო გამკაცრდეს.