გორის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, დავით რაზმაძის თქმით, პარტია „ქართულ ოცნებას“ საერთაშორისო გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსის“ წინააღმდეგ საჩივარი ჯერაც არ მოუმზადებია.
„პარტიას ვთხოვე – მათ უნდა მოემზადებინათ საჩივარი. არ ვიცი, რას აკეთებენ ამ საქმეზე. რამე რომ ყოფილიყო, ალბათ დამიკავშირდებოდნენ… მგონი საერთოდ არ გაგზავნილა,“ – ამბობს რაზმაძე.
„მოწმეებიც მყავდა, ვინც ადასტურებდა, რომ არ მითქვამს ის, რაც დაწერეს. რუსების მომხრედ გამომიყვანა იმ ნაძირალა ‘თაიმსმა'. მგონი ‘ბი-ბი-სიც' იგივეს აკეთებს,“ – დაამატა მან.
შეგახსენებთ, უკვე სამი თვეა გასული მას შემდეგ, რაც „ნიუ იორკ თაიმსში“ რაზმაძის ინტერვიუ გამოქვეყნდა. მასალაში რაზმაძე რუსეთის სამხედროებს „მშვიდობისმყოფელებად“ მოიხსენიებდა, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოში შეიჭრნენ. ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ რაზმაძემ განაცხადა, რომ თუკი პარტია გვერდში დაუდგებოდა, გამოცემას უჩივლებდა.




