ალერგოლოგ-იმუნოლოგის გიორგი კამკამიძის განცხადებით, BBC-ის მიერ ჩატარებულ ჟურნალისტურ გამოძიებაში ნახსენები ქიმიური ნივთიერება, სავარაუდოდ, არასწორად იქნა გამოყენებული – მაღალი კონცენტრაციით, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში და განმეორებით.
როგორც ალერგოლოგმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ აღნიშნა, სიმპტომების ხანგრძლივობა მიუთითებს იმაზე, რომ გამოყენებული ნივთიერებები არ იყო სტანდარტული დოზით და გამოყენების წესების დაცვით და დასძენს, რომ ნივთიერებების არასათანადო გამოყენებას გრძელვადიანი სიმპტომები მოჰყვა.
ექიმი განმარტავს, რომ ნორმალური დოზით და სწორად გამოყენების შემთხვევაში ეფექტი ძალიან სწრაფად უნდა განელებულიყო – ნახევარი საათის შემდეგ სიმპტომები უნდა მცირდებოდეს, რაც არ მოხდა. მისი თქმით, დაზარალებულებს დღემდე აღენიშნებათ გარკვეული ნიშნები.
„ექიმები თავიდანვე ვსაუბრობდით იმაზე, რომ ის ნივთიერებები, რომლებიც გამოყენებულ იქნა, გამოიყენებოდა არაპროპორციულად, მაღალი კონცენტრაციით, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, განმეორებითადაც. შესაბამისად ის გამოვლინებები, რომლებიც დიდი ხნის მანძილზე გრძელდებოდა, ვუკავშირებდით არასწორ გამოყენებას. რაც შეეხება გაჟღერებულ ინფორმაციას, გავრცელდა ეჭვები, რომ თუ ნივთიერებები სწორად არის გამოყენებული, შესაბამისი კონცენტრაციით მისი ეფექტი ძალიან სწრაფად უნდა გადიოდეს. ნახევარი საათის შემდეგ უნდა მცირდებოდეს სიმპტომები, რაც არ მოხდა. სიმპტომები საკმაოდ ხანგრძლივად გრძელდებოდა. ერთ თვეზე მეტ დროზე არის საუბარი, ზოგიერთს დღემდე აღენიშნება გარკვეული ნიშნები.
სისხლდენის ფაქტები იყო. ზოგიერთს ახლაც უგრძელდება თავბრუსხვევა, წნევის ცვალებადობა. ასევე კანის დამწვრობის ნიშნები, თვალის დაზიანების შემთხვევები გვქონდა. საუბარია იმაზე, რომ გამოყენებული იყო საშუალებები არასწორად, მათ შორის, წყალში შერევის გზით, მაღალი კონცენტრაციით“,- აცხადებს გიორგი კამკამიძე.
ექიმის თქმით, შორს მიმავალი დაავადებების, როგორიც სიმსივნეა, გამოწვევა ამ ეტაპზე ნაკლებად მოსალოდნელია.
„ძალიან ღელავს ჩვენი საზოგადოება ამ საკითხზე. შორს მიმავალი დაავადებები, როგორიც არის სიმსივნის გამოწვევა ან მდგომარეობის ნელ-ნელა დამძიმება ნაკლებად არის მოსალოდნელი. იმ ნივთიერებაზე, რომელზეც დღეს არის საუბარი, საკმაოდ მწირი ინფორმაციაა, რადგან 1930 წლის შემდეგ მისი გამოყენება არ არის დაშვებული. თუმცა იმ ინფორმაციით, რაც ახლა გვაქვს, მდგომარეობის ახლა დამძიმება, დაავადების განვითარების თვალსაზრისით ნაკლებად არის მოსალოდნელი. ფილტვების და თვალის დაზიანებას უნდა მიექცეს ყურადღება, საჭმლის მონელების სისტემის და ნერვიული სისტემის დაზიანებას“,- განაცხადა კამკამიძემ.
კამკამიძის თქმით, ნივთიერების უშუალო გამოკვლევა ადამიანის ორგანიზმში ამ ეტაპზე პრაქტიკულად პრობლემატურია, შესაძლოა თითქმის შეუძლებელიც იყოს.
“თუკი იყო ისეთი ნივთიერება გამოყენებული, რომელზეც არსებობს ანტიდოტი, ეს ძალიან ცუდი ფაქტი იქნება. ახლა ძალიან რთულია იმაზე საუბარი თუ რა მოხდა, თუმცა გარკვეული მეთოდები არსებობის, მით უმეტეს თუკი შენახულია ჭურვები, რომლებიც გამოყენებულ იქნა. თვითონ ადამიანის ორგანიზმში ამ ნივთიერების ახლა გამოკვლევა საკმაოდ პრობლემატური იქნება, თუ შეუძლებელი არა“,- განაცხადა გიორგი კამკამიძემ.




