„მომხმარებლები უკვე დავარწმუნეთ, რომ ინტერიერის დიზაინერის ჩართულობა კარგი მხოლოდ რენდერების და ფოტო სურათების მომზადებაში არ არის“ – თინათინ ძირკვაძე

ბოლო წლების განმავლობაში უფრო მეტად არის ინფორმირებული მომხმარებელი და ნაკლებად გვხვდება ისეთი შემთხვევები, როდესაც თვითონ ცდილობენ ბინის ინტერიერის გაკეთებას, – ამის შესახებ ინტერიერის დიზაინერმა თინათინ ძირკვაძემ გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, დიზაინერმა მომხმარებლებს ყველა ის ინფორმაცია უნდა მიაწოდოს, რომელიც მათ მთელი რემონტის განმავლობაში დასჭირდებათ.
“მომხმარებლები უკვე დავარწმუნეთ, რომ ინტერიერის დიზაინერის ჩართულობა კარგი მხოლოდ რენდერების და ფოტო სურათების მომზადებაში არ არის. ყველაზე დიდი ნაწილი, რაც ინტერიერის დიზაინერს ევალება არის მომხმარებლის ენერგიისა და დროის დაზოგვა. ინტერიერის დიზაინერი მუდმივად აკეთებს რემონტს, მუდმივად აქვს რაღაც პროექტი და შესაბამისად, მუდმივად აქვს ინფორმაცია მასალებზე, რემონტის ტიპებზე. ინტერიერის დიზაინერმა მომხმარებლებს ძალიან სწრაფად უნდა მიაწოდოს ის ინფორმაცია, რომლის მოსაძიებლად თავად მომხმარებელს შესაძლოა რამდენიმე კვირა დასჭირდეს.
დღეს დეველოპერი მომხმარებელს რემონტისთვის დაახლოებით, 6 თვეს აძლევს, რაც საკმაოდ რთულია. ყველა ბინა არის ინდივიდუალური. ის ფოტო რომელიც გადაღებულია პარიზში მდებარე ერთ-ერთ ბინაში და მოგწონთ, თბილისში – თბილისის განათებაზე, ჭერის სიმაღლესა და ა.შ. შესაძლოა სულ სხვანაირი გამოვიდეს და იგივე ხასიათის შესაძლოა არ იყოს”, – აცხადებს თინათინ ძირკვაძე.