BBC-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, ოპოზიციური პარტიები სანდო საერთაშორისო ინსტიტუტებს მოუწოდებენ, რომ ჩაატარონ დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება.
კერძოდ, BBC-ის გამოძიების თანახმად, ხელისუფლებამ მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენეს.
როგორც ოპოზიური პარტიების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, საერთაშორისო გამოძიებით უნდა დადგინდეს ფაქტობრივი გარემოებები, პასუხიმგებელ პირთა ვინაობა და აღიკვეთოს მსგავსი ნივთიერებების შემდგომი გამოყენება.
„BBC-ს მიერ ჩატარებულმა ბოლო გამოძიებამ წარმოადგინა სერიოზული მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წელს მშვიდობიანი ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ძალადობრივი დარბევისას საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ აკრძალული ქიმიური ნივთიერებები გამოიყენა.
დადასტურების შემთხვევაში, ეს ფაქტი წარმოადგენს საერთაშორისო ნორმების, ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულებებისა და საქართველოს საერთაშორისო კონვენციებისადმი ერთგულების უმძიმეს დარღვევას.
ქვეყანაში, სადაც ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი ერთ ადამიანს ემორჩილება, მიუკერძოებელი შიდა გამოძიება ვერ ჩატარდება. რასაკვირველია, ავტორიტარული, არალეგიტიმური ხელისუფლება გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი მოიწვევას არ გეგმავს – მაშინ, როცა მსგავსი ბრალდების პირობებში, ნებისმიერი ანგარიშვალდებული ხელისუფლება სწორედ ასე მოიქცეოდა.
ჩვენ, საქართველოს დემოკრატიული ოპოზიციური პარტიები, მოვუწოდებთ სანდო საერთაშორისო ინსტიტუტებს, ჩაატარონ დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება, რათა დადგინდეს ფაქტობრივი გარემოებები, პასუხიმგებელ პირთა ვინაობა და აღიკვეთოს მსგავსი ნივთიერებების შემდგომი გამოყენება.
დემოკრატიულ პარტნიორებთან თანამშრომლობით, ჩვენ უკვე ვაგროვებთ და ვამუშავებთ ყველა შესაბამის ინფორმაციას, რომელიც საერთაშორისო ინსტიტუტებს გადაეგზავნება.
ჩვენი საერთო მიზანი ნათელია: რეჟიმის ცვლილებამდე აიცილოს თავიდან ამგვარი ნივთიერებების ნებისმიერი შემდგომი გამოყენება, იმ შემთხვევაში, თუ ბიბისის გამოძიების დასკვნები დამოუკიდებლად დადასტურდება“, – ნათქვამია ოპოზიციური პარტიების ერთობლივ განცხადებაში.
განცხადებას უერთდებიან:
· ახალი
· დროა
· გირჩი-მეტი თავისუფლება
· ნაციონალური მოძრაობა
· თავისუფლების მოედანი
· სტრატეგია აღმაშენებელი
· ეროვნულ-დემოკრატიული პარტია
· ფედერალისტები
BBC-ის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს ანტისამთავრობო მომიტინგეების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის ეპოქის ქიმიური იარაღი გამოიყენა. “ქართული ოცნება” ამ ცნობას აბსურდს უწოდებს და BBC-ის სასამართლოში ჩივილით ემუქრება.
· BBC-ის გამოძიება: ქართველ დემონსტრანტებს I მსოფლიო ომის დროინდელი ნივთიერება შეასხეს
· „ოცნება“ BBC-ს საერთაშორისო სასამართლოებში ჩივილით ემუქრება




