BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ, რომლის მიხედვითაც ხელისუფლებამ გასულ წელს მომიტინგეების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის ეპოქის ქიმიური იარაღი გამოიყენა, იურისტები აცხადებენ, რომ ეს შესაძლოა საერთაშორისო სასამართლოებში დავისთვის დამატებითი საფუძველი გახდეს.
როგორც საიას წარმომადგენელი, თამაზ კირტავა ნეტგაზეთთან ამბობს, BBC-ს გამოძიება კიდევ უფრო ამყარებს იმ მნიშვნელოვან ეჭვებს, რაც უფლებადამცველებს ისედაც ჰქონდათ.
სწორედ საია არის ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელმაც სახელმწიფო უწყებებისგან მოითხოვა იმ ნივთიერებების გასაჯაროება, რასაც დემონსტრანტების წინააღმდეგ იყენებდნენ საპოლიციო ძალები, თუმცა უშედეგოდ.
„პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ჩვენ აქამდეც არაერთხელ აღვნიშნავდით ამ ქიმიური ნივთიერებების კანონსაწინააღმდეგოდ გამოყენების შესახებ და ვსაუბრობდით იმ ეფექტებზე, რასაც ისინი იწვევდა. ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ სახელმწიფოს, მათ შორის შსს-ს, ჯანდაცვის სამინისტროს, რომ ცნობილი გამხდარიყო საზოგადოებისთვის, რა ქიმიურ ნივთიერებებთან გვქონდა საქმე. ეს პირველ რიგში მნიშვნელოვანი იყო ადამიანების ჯანმრთელობის დაცვისთვის, თუმცა ეს ინფორმაცია არ გასაჯაროებულა.
ახლა BBC-ს ახალი გამოძიება კიდევ უფრო მნიშვნელოვან და სერიოზულ კითხვის ნიშნებს ბადებს და სახელმწიფოს ძალიან მნიშვნელოვან ბრალდებას უყენებს, რომელზეც, რა თქმა უნდა, ჩვენ პასუხები არ მოგვისმენია. სინამდვილეში, სახელმწიფოს პრაქტიკა, თუ როგორ იყენებდა ის ამ ნივთიერებებს, თავისთავად წარმოადგენდა ადამიანების ძირითადი უფლებების დარღვევას, მათ შორის შეიძლება ვთქვათ, რომ წარმოადგენდა არასათანადო მოპყრობას, იმიტომ რომ ის ეფექტები, რასაც ეს ქიმიური ნივთიერებები იწვევდა მაშინ იქ მყოფი ადამიანებისთვის, თან როდესაც ამ ადამიანებს ხშირად საშუალებაც კი არ ჰქონდათ, რომ დროულად გასცლოდნენ მათ, ამის თქმის საფუძველს გვაძლევს.
BBC-ს ახალი კვლევა დამატებით კიდევ უფრო ამყარებს იმ მნიშვნელოვან ეჭვებსა და შეშფოთებას, რაც უფლებადამცველებს ისედაც ჰქონდათ ქიმიური ნივთიერებების გამოყენებასთან დაკავშირებით. მე ხაზი მინდა გავუსვა იმასაც, რომ ეს ნივთიერებები, რომელსაც სახელმწიფო მაშინ იყენებდა, სულაც რომ რაღაც კანონით ნებადართული ქიმიური ირიტანტები [გამაღიზიანებლები] ყოფილიყო… მაგალითად ცრემლსადენი გაზი რომ ყოფილიყო – იმ ინტენსივობით, იმ მეთოდებით და ისეთი გზებით იყენებდა ის ამ საშუალებებს, რომ ამ შემთხვევაშიც კი საფრთხეს უქმნიდა ადამიანების ჯანმრთელობას და მაინც იქნებოდა ადამიანის უფლებების დარღვევა.
ახლა, როდესაც BBC-მ წარმოადგინა იმის მტკიცებულებები და ის დასკვნები, რომ ეს ნივთიერება, შესაძლოა, საერთოდ იყოს პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ირიტანტი, რომელიც თანამედროვე სამყაროში საერთოდ აკრძალულია და აღარ იყენებენ, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო საგანგაშოს ხდის ამ საქმეებს“, – აცხადებს თამაზ კირტავა.
ფოტო: თამაზ კირტავა
თამაზ კირტავას თქმით, ნაადრევი და არასწორი იქნებოდა წინასწარ იმის თქმა, თუ რა სამართლებრივი ნაბიჯები შეიძლება იქნეს კონკრეტულად გადადგმული BBC-ს ახალ გამოძიებაზე დაყრდნობით. თუმცა მისი თქმით, ქიმიური ნივთიერებების უკანონო და არაპროპორციული გამოყენება, შესაძლოა, იქცეს საერთაშორისო სამართალწარმოების საგნად.
„ის წამების საქმეები, რომელსაც ერთი წლის წინ ჰქონდა ადგილი და რომლის შემადგენელი ნაწილიც იყო, მათ შორის, ქიმიური ნივთიერებების უკანონო და არაპროპორციული გამოყენება, ეროვნული და საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევით, რა თქმა უნდა, შესაძლოა, იქცეს საერთაშორისო სამართალწარმოების საგნად. თუმცა ამისთვის, პირველ რიგში, ჯერ უნდა ამოიწუროს ეროვნული მექანიზმები.
ზოგადად, ჰააგის სასამართლო, მათ შორის განიხილავს საქმეებს, რომელიც ეხება ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს, რაც მოიცავს სამოქალაქო, ანუ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ (არა სამხედროების წინააღმდეგ) ჩადენილ ისეთ მძიმე მასობრივ დანაშაულებს, როგორიცაა, მაგალითად, წამების მასობრივი შემთხვევები.
თუმცა, ზოგადად ჰააგის სასამართლო არის საკმაოდ სპეციფიკური საერთაშორისო მექანიზმი, რომელიც განსაკუთრებით მძიმე საკითხებს განიხილავს და ამ მდგომარეობით კონკრეტულად ამ სასამართლოზე მითითება და ამ სასამართლოსთვის რელევანტური კვალიფიკაციის მიცემა ამ შემთხვევისთვის, შეიძლება ნაადრევი იყოს. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ თუ რომელიმე სხვა სასამართლოს ან საერთაშორისო მექანიზმის მიერ იქნება ეს საკითხი განხილული და პასუხისმგებლობა დადგენილი, ეს რაიმეთი აკნინებს დარღვევის სიმძიმეს.
ყველაზე ლოგიკური გაგრძელება ამ საქმის, ეროვნული მექანიზმების [ანუ მართლმსაჯულების განმახორციელებელი შიდა სისტემები: პროკურატურა, სასამართლო. ნეტ] ამოწურვის შემდეგ, ბუნებრივია, არის სტრასბურგი, როგორც ამ მოცემულობაში ჩანს. იმიტომ, რომ [ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის] მესამე მუხლის დარღვევა, კერძოდ კი წამების და შესაძლოა სხვა მუხლების დარღვევასთანაც იყოს აქ საქმე, რა თქმა უნდა არის ის, რაც შეიძლება სტრასბურგის სასამართლომ შეაფასოს. ამ ეტაპზე ყველაზე რელევანტურად ეს სასამართლო ჩანს.
თუმცა, ჯერ გადაწყვეტით ამის თქმა, ადრეა, თუ რომელი სასამართლოს განსჯადი იქნება, იმიტომ რომ მხოლოდ დღეს გამოქვეყნდა ეს კვლევა და დამატებით შეფასებას და სამართლებრივი კვალიფიკაციის მიცემას, დამატებითი ფაქტების გამოკვლევას საჭიროებს“, – აცხადებს თამაზ კირტავა.
BBC-ის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს ანტისამთავრობო მომიტინგეების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის ეპოქის ქიმიური იარაღი გამოიყენა. “ქართული ოცნება” ამ ცნობას აბსურდს უწოდებს და BBC-ის სასამართლოში ჩივილით ემუქრება.




