საქართველოს მთავრობა ორი საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობას იწყებს – პროექტის ღირებულება 800 მილიონი ლარია

საქართველოს მთავრობამ ქუთაისში და რუსთავში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საუნივერსიტეტო ქალაქების აშენების გადაწყვეტილება მიიღო.
საუნივერსიტეტო ქალაქების მშენებლობისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება, ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს დაევალა.
მთავრობის დავალების შესაბამისად, ქუთაისსა და რუსთავში საუნივერსიტეტო ქალაქების მშენებლობისათვის, ფონდი დაიწყებს დეტალური საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას, სამშენებლო სამუშაოებისა და საზედამხედველო მომსახურების შესყიდვის პროცესს, რაც ორივე ტერიტორიაზე სრულფასოვანი საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის შექმნას ითვალისწინებს.
პროექტის განხორციელების შედეგად, ქვეყანაში შეიქმნება თანამედროვე, რეგიონულად განაწილებული საუნივერსიტეტო სისტემა, რომელიც სტუდენტების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის განათლებას, კვლევით შესაძლებლობებს და სრულფასოვან სტუდენტურ ცხოვრებას უზრუნველყოფს.
ახალი საუნივერსიტეტო კამპუსები მოემსახურება დამატებით 20 ათას სტუდენტს ქუთაისში, რუსთავი კი შეძლებს 40 ათასი სტუდენტის მიღებას.
პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების სავარაუდო ღირებულება 800 მილიონი ლარია, ხოლო საუნივერსიტეტო ქალაქების არეალში მოქცეული უძრავი ქონებების შეფასებისა და მათი გამოსყიდვის სავარაუდო ღირებულება – 210 მილიონი ლარი.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები, მათ შორის პროექტირება, მშენებლობა და ზედამხედველობა, განხორციელდება 2026–2032 წლებში.
თანამედროვე საუნივერსიტეტო ქალაქები შექმნის ახალ, ხარისხიან სივრცეებს ათიათასობით სტუდენტისთვის და განავითარების რეგიონების პოტენციალს.
ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.