დავით მათიკაშვილი – როგორც სააკაშვილი განიკურნა დემენციისგან და დაამარცხა ის ავადმყოფობა, რომელსაც მსოფლიო ცდილობს რამენაირად გაუმკლავდეს, ისე იყენებდნენ ქართველი სპეცსამსახურის თანამშრომლები რაღაც ნივთიერებას

სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს – როგორც სააკაშვილი განიკურნა დემენციისგან და დაამარცხა ის ავადმყოფობა, რომელსაც მთელი მსოფლიო ცდილობს რამენაირად გაუმკლავდეს, ისე იყენებდნენ ქართველი სპეცსამსახურის თანამშრომლები რაღაც ნივთიერებას, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა BBC-ის მიერ გავრცელებულ მასალას, სადაც საუბარია, რომ „საქართველოში მომიტინგეების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს”.
მისი თქმით, მთავარია ვინ მიაწოდა BBC-ის ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა. მათიკაშვილის განმარტებით, ამ ინფორმაციას „ადეკვატური პასუხი გაეცემა”.
„პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ნივთიერების გამოყენება რომ დააფიქსირეს, ის რატომ ვერ შეამჩნიეს, რომ მაგ დროს შუბებით, არბალეტებით, მშვილდ-ისრებით შეიარაღებული სპეცსამსახურების თანამშრომლები დასდევდნენ და ანადგურებდნენ მომიტინგეებს? ან ლოდსატყორცნებს რომ იყენებდნენ ჩვენი სპეცსამსახურის თანამშრომლები და ლოდებს აგორებდნენ მთიდან, BBC-იმ რატომ ვერ შეამჩნია? სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. მთავარი ის არის ვინ მიაწოდა მათ ეს ინფორმაცია.
ეს მოცემულობა და პოლიტიკური მდგენელი არის „განვიკურნოთ დემენციისგან 2”. როგორც სააკაშვილი განიკურნა დემენციისგან, დაამარცხა ის ავადმყოფობა, რომელსაც მთელი მსოფლიო ცდილობს რამენაირად გაუმკლავდეს, ისე იყენებდნენ ქართველი სპეცსამსახურის თანამშრომლები რაღაცა ნივთიერებას. რა თქმა უნდა, ამას თავისი ადეკვატური პასუხი გაეცემა”, – აღნიშნა მათიკაშვილმა.
ამავე თემაზე საუბარზე, მათიკაშვილმა განაცხადა, რომ ეს არის ზღვარს გადასული სისულელე, რომელსაც არ გააჩნია ლოგიკური და ადამიანური ახსნა.
„ეს არის ზღვარს გადასული სისულელე, რომელსაც არ გააჩნია ლოგიკური და ადამიანური ახსნა, გარდა ერთისა – გებელსისეული მეთოდებით ისეთი ტყუილი დააბრალონ საზოგადოებას ან ადამიანთა ჯგუფს, რომ შემდგომ საკუთარი ნეგატიური ინტერესის განხორციელება გაუადვილდეთ. სხვათა შორის, ეს ის ტელეკომპანიაა, რომლის ხელმძღვანელიც გადადგა იმიტომ, რომ ტრამპის მიმართ მცდარი ინფორმაცია გაავრცელა. ამხელა ავტორიტეტის და გამოცდილების მქონე ტელევიზიამ იმდენი მაინც უნდა შეძლოს, რომ თავი ისეთ მდგომარეობაში არ ჩაიგდოს, რომ მთელი მსოფლიოს წინაშე ბოდიშების მოხდა, თანამდებობების დატოვება და ეს ნეგატიური კამპანია მოუწიოს.
იმდენად წარმოუდგენელ, მტკიცებულების არმქონე, სისულელეზე გვიწევს საუბარი და პასუხის გაცემა, რომ ამის მეტი კომენტარი არ ღირს ამ თემაზე”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
შეგახსენებთ, BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.
როგორც BBC-ი წერს, „საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების წინააღმდეგ მებრძოლი დემონსტრანტები სხვადასხვა სიმპტომებს უჩიოდნენ მათ შორის თვალების წვას, ქოშინს, ხველასა და ღებინებას, რომელიც კვირების განმავლობაში გაგრძელდა“.
BBC-ის ცნობითვე, ესაუბრნენ World Service-ი ქიმიური იარაღის ექსპერტებს, საქართველოს სპეცრაზმის წარმომადგენლებსა და ექიმებს და აღმოაჩინეს, რომ „მტკიცებულებები მიუთითებს იმ აგენტის გამოყენებაზე, რომელსაც საფრანგეთის სამხედროებმა „კამიტი“ უწოდეს“.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი – თუ BBC-ის ინფორმაცია დადასტურდა, ამ ამბავმა ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები შეიძლება ჰააგის სასამართლოს სკამამდე მიიყვანოს – იმედია, ქართული თუ არა, საერთაშორისო გამოძიება მაინც შედგება

გია ვოლსკი – ვფიქრობ, ბევრი ისეთი თემა წამოიწევა, რომელიც მათი აზრით, საჭიროა, რომ საფუძვლად დაედოს სანქციებს თუ არა, რაიმე პოლიტიკური შეტევის გაგრძელებას – არ გამოვრიცხავ, რომ BBC-ის სტატიაც ამ მიზნითაა გამოშვებული