სიახლე ეხება დეველოპერზე გასაცემი სესხის თანამონაწილეობის ნაწილს და იმას, რა შემთხვევაში შეძლებს კომპანია, სრულად აითვისოს იპოთეკით გაცემული თანხა – ალექსანდრე ძნელაძე სებ-თან კონსულტაციებზე
ეროვნული ბანკი დეველოპერებისთვის იპოთეკურ სესხებზე ხელმისაწვდომობის გაფართოებას გეგმავს. საკითხი ეხება სესხების გაცემის პროცესს, გამომდინარე იქიდან, რომ სტატისტიკის თანახმად, დეველოპერულ სექტორში შიდა განვადებებს დაახლოებით 70%-იანი წილი აქვს და როგორც დარგის წარმომადგენლები ამბობენ, შესაძლოა, ეს გარკვეულ რისკებს ქმნიდეს.
საქართველოს ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, რომ სებ-ის მიზანია დეველოპერული სექტორის შიდა განვადებების სისტემა თანდათანობით იპოთეკური სესხებით ჩანაცვლდეს. სებ-ში ამჟამად ბანკებთან, საბანკო ასოციაციასთან და ბიზნესასოციაციასთან კომუნიკაციით, უძრავი ქონების სექტორის დაკრედიტების წესების შესახებ მსჯელობენ.
რადიო „კომერსანტის“ ეთერში აღნიშნულ საკითხზე საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ ისაუბრა.
როგორც ალექსანდრე ძნელაძე განმარტავს, ამ ეტაპზე საუბარი მიმდინარეობს წილების გადახედვაზე, რომელმაც მისი თქმით, დეველოპერისთვის უნდა გაამარტივოს სესხის აღება, იპოთეკარისთვის კი – უძრავი ქონების შეძენა.
„სიახლე ეხება დეველოპერზე გასაცემი სესხის თანამონაწილეობის ნაწილს და იმ პროცესს, რა შემთხვევაში შეძლებს დეველოპერი, სრულად აითვისოს იპოთეკით გაცემული თანხა. თუ მომხმარებელი იღებს იპოთეკურ სესხს, აღნიშნული თანხა უჯდება დეველოპერს, მაგრამ ის ამ თანხას მხოლოდ და მხოლოდ გარკვეული წინაპირობების შესრულების შემდეგ, მაგალითად, მშენებლობის გარკვეულ დონემდე მიყვანის შემდეგ ითვისებს“, – განმარტავს ალექსანდრე ძნელაძე.
რა ცვლილებებს მოუტანს აღნიშნული საკითხი სექტორს, ალექსანდრე ძნელაძე ამ ეტაპზე კონკრეტულ რიცხვებზე ვერ საუბრობს, თუმცა, აღნიშნავს, რომ შემსუბუქებას სექტორი ერთმნიშვნელოვნად მიესალმება.
„დღეს არის უკვე კონკრეტული მითითებები შემსუბუქების ნაწილში, რომლითაც 30%-მდე შემცირდა დეველოპერებისთვის თანამონაწილეობის ნაწილი. ასევე, ამას წინ უძღოდა იპოთეკური სესხის შემთხვევაში უზრუნველყოფის ნაწილის წილის შემცირება, ანუ იპოთეკარს უკვე შეუძლია, სესხი 10%-იანი თანამონაწილეობით აიღოს. ეროვნული ბანკისგან არსებობს მზაობა, შემსუბუქდეს პირობები, რაც უფრო მეტ საშუალებას მისცემს როგორც იპოთეკარებს, ასევე, სამშენებლო სექტორს“, – აცხადებს ალექსანდრე ძნელაძე.




