სად პოულობთ ასეთ ინფორმაციებს? – მე ვიცი რომ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი კი არა, დიდგორის ომის დროს იყო – შეიძლება უფრო ადრეც, გორგასლის დროინდელიც, – ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის” დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი ჟურნალისტებთან BBC -ს მასალას, სადაც საუბარია, რომ „საქართველოში მომიტინგეების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს“.
მისი თქმით, BBC-ის მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია „ფეიკ ნიუსია”.
„სად პოულობთ ასეთ ინფორმაციებს? BBC-ის რა რეიტინგიც აქვს, ნახეთ ამერიკის პრეზიდენტის განცხადება – ისწავლეთ, იმეცადინეთ. BBC-ის მიმართ რა რეიტინგი და ნდობაც არსებობს ამერიკის პრეზიდენტს დაესესხეთ და ნახავთ, როგორი კრიტიკის ქარცეცხლში ატარებს BBC-ის. BBC იმას არ უკვირდება ამერიკაში, ევროპის ქვეყნებში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში როგორ ხდება რადიკალური აქციების დაშლა? ამას არ აშუქებს? ეს „ფეიკ“ ნიუსები. ნახეთ, რომ ტრამპმა საამიროებიდან მიიღო ინვესტორი, რომელიც 600 მილიარდიდან ტრილიონამდე ინვესტიციის ჩადებას აპირებს აშშ-ში და იქ ერთ-ერთმა იქაურმა იქაურმა „ტვ პირველმა“ თუ „მთავარმა არხმა” ამ ადამიანს დაუსვა პროვოკაციული კითხვა, რომელიც ტრამპმა იქვე გააჩერა და უთხრა, რომ შენ „ფეიკ ნიუსი” ხარო. რა ვქნათ, ასეთი „ფეიკ” ნიუსების პროპაგანდა და მედიები ამერიკაშიც არიან და საქართველოშიც და ყველგან”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
კითხვაზე, ადასტურებს თუ უარყოფს, BBC-ის ინფორმაციას, მაჭარაშვილმა უპასუხა: „არა, მე ვიცი რომ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი კი არა, დიდგორის ომის დროს იყო და ჩვენ გვაქვს ინფორმაცია რომ დიდგორის ბრძოლის დროს გამოიყენებოდა ის იარაღი – შეიძლება უფრო ადრეც, გორგასლის დროინდელიც შეიძლება.”
შეგახსენებთ, BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.
როგორც BBC-ი წერს, „საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების წინააღმდეგ მებრძოლი დემონსტრანტები სხვადასხვა სიმპტომებს უჩიოდნენ მათ შორის თვალების წვას, ქოშინს, ხველასა და ღებინებას, რომელიც კვირების განმავლობაში გაგრძელდა“.
BBC-ის ცნობითვე, ესაუბრნენ World Service-ი ქიმიური იარაღის ექსპერტებს, საქართველოს სპეცრაზმის წარმომადგენლებსა და ექიმებს და აღმოაჩინეს, რომ „მტკიცებულებები მიუთითებს იმ აგენტის გამოყენებაზე, რომელსაც საფრანგეთის სამხედროებმა „კამიტი“ უწოდეს“.




