აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, აშშ-ისა და უკრაინის მაღალჩინოსნებს შორის ფლორიდაში გამართული შეხვედრა ძალიან პროდუქტიული და სასარგებლო იყო, რომელზეც პროგრესს მიაღწიეს, თუმცა კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი.
„კვლავ რეალისტურად ვაფასებთ, რამდენად რთულია ეს, მაგრამ რადგან პროგრესს მივაღწიეთ, ვფიქრობ, საერთო ხედვაა, რომ საქმე მხოლოდ ომის დასრულებას არ ეხება – რაც ძალიან მნიშვნელოვანია – ეს უკრაინის მომავლის უზრუნველყოფას ეხება, მომავლის, რომელიც, ვიმედოვნებთ, უფრო აყვავებული იქნება, ვიდრე ოდესმე ყოფილა“, – განაცხადა რუბიომ სამხრეთ ფლორიდაში გამართული შეხვედრის შემდეგ.
მისი თქმით, გუნდები არა მხოლოდ უკრაინასა და რუსეთს შორის ბრძოლის დასრულების პირობებზე მუშაობენ, არამედ „პირობებზე, რომელიც უკრაინას გრძელვადიან კეთილდღეობას უზრუნველყოფს“.
რუბიომ ხაზი გაუსვა, რომ მხარეებმა ამისთვის საფუძვლის ჩაყრა გასულ კვირას შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში დაიწყეს და კვირის განმავლობაში კომუნიკაციებში განაგრძეს.
„დღეს ისევ ამაზე ვაშენეთ, მაგრამ კიდევ ბევრი სამუშაოა გასაკეთებელი“, – აღნიშნა რუბიომ.




