“კომუნიკაციების კომისია კვლავ იყენებს Fake News-ების გავრცელების კლასიკურ ტექნოლოგიას” – მაგთიკომი

“კომისია კვლავ იყენებს Fake News-ების გავრცელების კლასიკურ ტექნოლოგიას”, – ამის შესახებ კომპანია “მაგთიკომი”, კომუნიკაციების კომისიის მიერ 2023 წლის სატელეკომუნიკაციო მომსახურებების ფასების კვლევის საპასუხოდ აცხადებს.
BMG-სთვის გამოგზავნილ კომპანიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს სატელეკომუნიკაციო მომსახურებების ფასები უმეტეს შემთხვევაში ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, მნიშვნელოვნად იაფია.
“საქართველოს სატელეკომუნიკაციო მომსახურებების (პაკეტების) ფასები უმეტეს შემთხვევაში ევროპულ ქვეყნებთან მიმართებით მნიშვნელოვნად იაფია. “მაგთიკომის” მომხმარებლების უმრავლესობა სარგებლობს იმ შეთავაზებებით, რომელთა ღირებულება არა თუ აღემატება ევროპის ქვეყნების ანალოგიურ შეთავაზებებს, არამედ მოწინავე პოზიციებზეა სიიაფით. მაგთიკომის ყველაზე მოთხოვნადი მომსახურების პაკეტები, მაგალითად „ულიმიტო მობილური ინტერნეტი” – ერთ-ერთი ყველაზე იაფია ევროპაში. კვლევა (კომისიის არასწორი დაკვეთით) ფასების შესადარებლად იყენებს განსხვავებული წლების მონაცემებს/კოეფიციენტებს”, – აღნიშნულია განცხადებაში.
“მაგთიკომში” აცხადებენ, რომ კომისია ბაზარზე მოქმედი საკომუნიკაციო კომპანიების დისკრედიტაციას ცდილობს.
“კომისია კვლავ იყენებს Fake News-ების გავრცელების კლასიკურ ტექნოლოგიას. მიზანმიმართულად ავრცელებს დეზინფორმაციას , თითქოს საქართველოში არსებული ფასები აღემატება ევროპის ქვეყნების დონეს. აღნიშნული ხორციელდება კვლევაში კონტექსტიდან ამოგლეჯილი ინფორმაციის გამოყენებით, რითაც კომისია ცდილობს საქართველოში ბაზარზე მოქმედი საკომუნიკაციო კომპანიების დისკრედიტაციას და მიზნად ისახავს დარგისთვის შესაძლო დამაზიანებელი ქმედებების გამართლებას. “მაგთიკომის” არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, კომისიის მხრიდან დღემდე არ ხდება კვლევაში გამოყენებული ინფორმაციისა და მასალების გაზიარება, რაც ჩვენი მხრიდან შეუძლებელს ხდის კვლევის სანდოობის დადასტურებას. “მაგთიკომი” რეაგირების გარეშე არ დატოვებს კომისიის მიერ Fake News-ების გავრცელებას და მომავალშიც გააგრძელებს საზოგადოების ინფორმირებას”, – აღნიშნულია განცხადებაში.