აი ეს არის ზუსტად მაგალითი, რამდენად ცრუ ნარატივების შემქმნელები არიან დღეს ბრიუსელის ბიუროკრატები
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის ეთერში გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადება შეაფასა.
„თვალებში გვიყურებდნენ ევროპელები და გვატყუებდნენ, თითქოს ეს არის მიუღებელი წესი, როგორ შეიძლება, როგორ გავბედეთ ქართველებმა და შევკადრეთ ევროკავშირს, რომ ჩვენს ქვეყანაში ფულს რომ ხარჯავ, გვაჩვენე, რაში ხარჯავ, გვითხარი, გაგვაგებინე, გვაკადრე რაიმენაირად, რომ ვიცოდეთ. არა, თქვენ ეს არ გეხებათ, თქვენ ხართ რაღაც მე-17 ხარისხოვანი საზოგადოება. ჩვენ ჩამოვალთ, ფულს დავხარჯავთ, ჩვენ ვიცით, თქვენთვის რა არის კარგი, თქვენ საერთოდ ვინ გეკითხებათ და რა გეკითხებათ. ეს არის დამოკიდებულება.
დღევანდელი ფაქტი არის მხილება, სხვათა შორის, ფეხს ითრევდნენ. გახსოვთ ალბათ, რომ რამდენიმე თვის წინ იყო დაინიცირებული ამ წესის მიღება. მაშინ დებატების დროს ითქვა, რომ ახლა ამას თუ მივიღებთო, საქართველოს ხელისუფლებას რა პირით ვუთხრათ, რომ თქვენ არ მიიღოთ ეს ყველაფერიო. გადადეს და ეგონათ, ახლა მოჩუმათდა ეს ყველაფერი და დამალავდნენ.
აი ეს არის ზუსტად მაგალითი, რამდენად ცრუ ნარატივების შემქმნელები არიან დღეს ბრიუსელის ბიუროკრატები. ჩვენ რომ გავწიოთ ლობირება, პირდაპირი მაგალითი რომ ავიღოთ ევროპული სასამართლოს მოსამართლის არჩევის წესის ცვლილება, ჩვენ, საქართველოს სახელმწიფომ რომ დავაფინანსოთ, ეს იქნება უცხოური გავლენა და უნდა დარეგისტრირდეს. ბრიუსელმა რომ დააფინანსოს საქართველოში ლობირება საქართველოს მოსამართლეების არჩევის წესისა, როგორ გეკადრებათ, როგორ შეიძლება, ამას უცხოური გავლენა დავარქვათო. ეს არის – ტყუილი მხილებულია და მატყუარა მხარე ვინ აღმოჩნდა ორწლიანი ეპოპეის შემდეგ, ძალიან კარგად გამოჩნდა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსიმ განაცხადა, რომ დასაფინანსებლად ალტერნატიულ გზებს ეძებენ.




