ბუდრისი: 1 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ოცნებამ შეაჩერა ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებები

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი კესტუტის ბუდრისი საქართველოში 1-წლიან უწყვეტ პროტესტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
მისი თქმით, ამ პერიოდის განმავლობაში, ასობით მშვიდობიანი მოქალაქე დააპატიმრეს, ასევე დევნიდნენ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს.
ბუდრისის განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ საქართველოში მნიშვნელოვნად შეიზღუდა ადამიანების ფუნდამენტური თავისუფლებები, გაიზარდა ზეწოლა დამოუკიდებელი მედიების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის მიმართ.
ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელი კიდევ ერთხელ გამოხატავს სოლიდარობას ქართველი ხალხისა და მისი ევროპული მისწრაფებების მიმართ.
“ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა შეაჩერეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, რითაც ქვეყანა კიდევ უფრო დააშორეს დემოკრატიულ ღირებულებებს, საერთაშორისო ვალდებულებებს, კანონის უზენაესობას და ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.
ამ ხნის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით ასობით მშვიდობიანი მომიტინგე იქნა დაკავებული და დაპატიმრებული, ათობით სხვა პირი კი კვლავ თვითნებური სამართლებრივი დევნის წინაშე დგას, ზოგიერთ შემთხვევაში კი სისხლის სამართლის ბრალდებებიც კი წაუყენეს. დიპლომატები და საჯარო მოხელეები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ „ქართული ოცნების“ მცდელობას, შეეცვალა ქვეყნის გეოპოლიტიკური კურსი – ევროკავშირის ინტეგრაციის შეჩერების წინააღმდეგ პეტიციის ხელმოწერით – სამსახურიდან გაათავისუფლეს და უმუშევრად დარჩნენ.
ამ პერიოდის განმავლობაში, საქართველოში ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები სერიოზულად შეიზღუდა. დაითრგუნა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, ხოლო მმართველი პარტია ოპოზიციური პარტიებისა და მათი ლიდერების მიმართ ატარებდა აკრძალვისა და „გარიყვის“ მცდელობებს.
ეს მოვლენები არამხოლოდ არღვევს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების დებულებებს, განსაკუთრებით მე-2 მუხლს, არამედ აქვეითებს საქართველოს იმ სტანდარტების დონეზე, რომელიც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან არის მოსალოდნელი. ეს დადასტურდა ევროკავშირის გაფართოების უახლესი ანგარიშით, რომელმაც ხაზი გაუსვა უკუსვლას ცხრავე იმ კრიტერიუმის მიმართულებით, რომლებიც საქართველოს კანდიდატის სტატუსის საფუძველს წარმოადგენს.
„ქართული ოცნება“ აგრძელებს ევროკავშირის განმეორებითი მოწოდებების იგნორირებას, რომ დაბრუნდეს დაპირებულ დემოკრატიულ გზაზე, დაიცვას ფუნდამენტური უფლებები, უზრუნველყოს დამოუკიდებელი სასამართლო და პატივი სცეს კანონის უზენაესობას. ამის ნაცვლად, ის ავრცელებს დეზინფორმაციას, რომელიც ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს უმიზნებს, რასაც სულ უფრო მტრული, კრემლის სტილის რიტორიკა ახლავს თან.
ამ შემაშფოთებელი მოვლენების ფონზე, ლიეტუვა თანმიმდევრულად უჭერდა მხარს ქართველ ხალხს. ჩვენ წამოვწიეთ საქართველოს საკითხი ჩვენს ევროკავშირის შეხვედრებზე ბრიუსელში და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, პრინციპული და ერთიანი რეაგირების ადვოკატირებით. სამწუხაროდ, ზოგიერთი წევრი ქვეყნის დესტრუქციული პოზიციის გამო, ევროკავშირს არცერთი დამნაშავე პირისთვის სანქციები არ დაუწესებია. მიუხედავად ამისა, ლიეტუვამ ეროვნული სანქციები დაუწესა 112 პირს.
დღეს გამოვხატავ ჩემს სოლიდარობას ქართველი ხალხის – მათ შორის ჩვენი კოლეგა დიპლომატებისა და საჯარო მოხელეების, რომლებიც ევროკავშირის ინტეგრაციის შეჩერების წინააღმდეგ პეტიციის ხელმოწერისთვის გაათავისუფლეს – და ყველა მშვიდობიანი მომიტინგის მიმართ, რომელთაც არც ერთი დღით არ შეუწყვიტავთ თავიანთი სიმტკიცის უშიშარი დემონსტრირება დემოკრატიული საქართველოსა და მისი ევროპული მომავლის მიმართ. ჩვენ კვლავაც თქვენს გვერდით ვიქნებით!”, – წერია განცხადებაში.