პური – 10 ლარი, ხაჭაპური 45 ლარი – სოციალურ ქსელში გუდაურში გაზრდილ ფასებზე წერენ

„გუდაურს დღეს ტურისტი აღარ ჰყავს!“ – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში კინორეჟისორი თამუნა სულამანიძე გუდაურში კვებისა და ტურისტებისთვის განკუთვნილ სხვა ობიექტებში არსებულ გაზრდილ ფასებს. მისი თქმით, მაღალი შემოსავლების მქონე ტურისტული სეგმენტი იგივე ხარჯით ალპებში ისვენებს, სადაც საფეხმავლო ბილიკებიცაა, შიდა საზოგადო ტრანსპორტიც, დასუფთავებაც, საბავშვო რეკრეაციული ზონებიც, კინოთეატრებიც და საახალწლო განწყობაც.
მისი ინფორმაციით, კვების ობიექტებში პური 10 ლარი ღირს, ხაჭაპური – 45 ლარი, 30 ხინკალი 84 ლარი, ბურგერი 35-60 ლარი, პიცა 43 ლარი, საბაგიროზე 1 დღე – 70 ლარი, აუზზე შესვლა 120 ლარი და ა.შ.
„გუდაურის ეკონომიკური სურათი დღეს:
კვების ობიექტები:
– 10 ლარი ადგილზე გამომცხვარი პაწაწინა პური;
– ხაჭაპური – 40-45 ლარი;
– ცეზარის სალათა – 40-47 ლარი;
– მწვადი – 4 ნაჭერი – 18-30 ლარი;
– 30 ხინკალი – 84 ლარი (ყველაზე იაფი ვერსია);
– ბურგერები – 35-60 ლარი;
– Dankins-ის ყავა კარამელ „მაკიატო“ – 18 ლარი;
– დესერტი – 2 ცერა თითისოდენა სუფლე – 22 ლარი;
– ვაშლის შტრუდელი – 29 ლარი;
– პიცა „პეპერონი“ – 43 ლარი;
– ნაყინი – 18 ლარი;
+18% მომსახურება.
სხვადასხვა:
– „სკიპასი“ – 70 ლარი 1 დალოცვილი დღე;
– აუზი/სპა 1 შესვლა -120 ლარი (მოცუცქნული 15 მეტრიანი საჭყუმპალაო და არა აუზი);
– აეროპორტიდან ტრანსფერი გუდაურამდე – 280 ლარი (შედარებისთვის Yandex იგივე კლასის მანქანით – 133 ლ.);
შიდა ტაქსი გუდაურში 20 ლარიდან;
და სხვა ასეთი მრავალი სანახაობა ელოდება ჩამსვლელს…
მომილოცავს გა-ფრენა ქართველებო, ჩამოვფრინდით, რადგან გუდაურს დღეს ტურისტი აღარ ჰყავს! და მინდა შეგახსენოთ, რომ მაღალი შემოსავლების მქონე ტურისტული სეგმენტი იგივე ხარჯით ხარისხიან ალპებში ისვენებს, სადაც საფეხმავლო ბილიკებიცაა, შიდა საზოგადო ტრანსპორტიც, დასუფთავებაც, საბავშვო რეკრეაციული ზონები, კინოთეატრებიც და საახალწლო განწყობაც ზოგადად,“ – წერს თამუნა სულამანიძე.