არასოდეს გაჩერდეთ, არასოდეს დანებდეთ. თუ გავჩერდებით იქ იწყება უპერსპექტივობა, უიმედობა და რუსული ჭაობი, – ამის შესახებ უფლებადამცველმა, ტატო ქელბაქიანმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ტატო ქელბაქიანის თქმით, ყველამ უნდა შევახსენოთ ერთმანეთს, რომ სანამ წინააღმდეგობა არსებობს, ამ ქვეყანაში რუსული დიქტატურა ვერ დამყარდება.
„დღეს ჩვენ აქ ვდგავართ ერთიანი ბრძოლის გზაზე, რომელიც ერთი წუთითაც არ შეჩერებულა. ზუსტად ერთი წლის წინ ამ რეჟიმმა უარი გვითხრა ევროპულ მომავალზე, მაგრამ ერთი რამ ვერ გათვალა, ეს არის ქართველების სწრაფვა თავისუფლებისაკენ. ამ გზაზე ჩვენ ვნახეთ ყველაფერი. ჩვენ ვნახეთ ცემა, წამება, დაკავებები, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ რეჟიმმა ვერ შეძლო და ვერ გატეხა ჩვენი წინააღმდეგობა. ხანდახან ალბათ ყველას გვიჩნდება მძიმე განცდები, შემოგვიჩნდება უიმედობის ჭია და ზუსტად ამ დროს ამოიღეთ და გასრისეთ ეს ჭია. შეახსენეთ ერთმანეთს, რომ სანამ წინააღმდეგობა არსებობს, რუსული დიქტატურა საქართველოში ვერ დამყარდება. ამიტომ მეგობრებო არასოდეს გაჩერდეთ, არასოდეს დანებდეთ. ჩვენი ბრძოლა არ არის ერთი დღისთვის, ეს არის ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მომავლისთვის, თავისუფლებისთვის. ამ ბრძოლაში ჩვენი ყველაზე დიდი იარაღია სოლიდარობა. ერთმანეთის გვერდში დგომამ შეგვაძლებინა ის, რომ ისევ აქ ვდგავართ“, – განაცხადა ტატო ქელბაქიანმა.




