რუსთაველის გამზირზე უწყვეტი პროტესტის ერთი წლისადმი მიძღვნილი აქცია დასრულდა.
გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა.
მანამდე პოლიციამ აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილიდან გადასვლა მოსთხოვა, რასაც პარლამენტთან შეკრებილების მხრიდან პროტესტი და ხმაური მოჰყვა. მიუხედავად პროტესტისა, აქციის მონაწილეები გზის სავალ ნაწილზე აღარ გადასულან.
დღევანდელი საპროტესტო აქცია-მსვლელობა უკავშირდება 1 წლის წინ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც განაცხადა რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში აღარ დადგება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.
დედაქალაქში, 19:00 საათიდან, მომიტინგეები ორ ლოკაციაზე თსუ-ის პირველ კორპუსთან და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ძველ შენობასთან შეიკრიბნენ.
აქცია-მსვლელობა საბოლოოდ პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლა, სადაც შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართეს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა, აქციების დროს დაკავებული პირების ოჯახის წევრებმა, ლექტორებმა და აქტივისტებმა.
პარლამენტის შენობასთან, პროტესტს შიმშილობის ფორმით აგრძელებენ პოლიტიკოსები და აქტივისტები.
შეგახსენებთ, 28 ნოემბერს 1 წელი გავიდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებიდან, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში აღარ დადგება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.
აღნიშნულ განცხადებას მოჰყვა პროტესტი, რომელიც ერთი წელია გრძელდება.
მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით იკრიბებიან – დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.




