რეფერენტული საბითუმო ფასის დათვლის მეთოდოლოგიაში ცვლილებები შევიდა. მთავრობის შესაბამისი დადგენილება 27 ნოემბერს ამოქმედდა.
კერძოდ, ცვლილებები შევიდა „ფარმაცევტული პროდუქტის ფასის სახელმწიფო რეგულირების მეთოდოლოგიის, წესისა და პირობების და ფარმაცევტული პროდუქტის მართული შესვლის შეთანხმებით შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში.
დადგენილების თანახმად, სავაჭრო დასახელების დონეზე რეფერენტული ფასები დგინდება ფარმაცევტული პროდუქტის ბაზარზე დაშვების (რეგისტრაციის) შემდეგ, კვარტალში ერთხელ და ქვეყნდება ფასების კატალოგში.
ამასთან, ცვლილებები შედის იმ თავში, რომელიც გარე რეფერენტული ფასწარმოქმნის მეთოდოლოგიას ეხება. კერძოდ, მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით: “თუ შესადარებელი პროდუქტი არცერთ რეფერენტულ ქვეყანაში არ იძებნება, მაშინ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახური იძიებს საბითუმო ფასებს, დღგ-ის გარეშე, სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, ევროპის რეგიონის, აგრეთვე „სხვა ქვეყნების ან სახელმწიფოთაშორისი ფარმაცევტული პროდუქტების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოების სიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 ოქტომბრის №188 დადგენილებით განსაზღვრულ ქვეყნებში (სამი ქვეყნის ფასი, სადაც ეს პროდუქტი ხელმისაწვდომია. თუ სამ ქვეყანაში ვერ იქნა მოძიებული შესადარებელი ფარმაცევტული პროდუქტის საბითუმო ფასი, მხედველობაში მიიღება ორი ან ერთი ქვეყნის ფასი, სადაც ეს პროდუქტი ხელმისაწვდომია). ფასების მოძიების პროცესში პრიორიტეტი ენიჭება საქართველოსთვის ამ დადგენილებით განსაზღვრული რეფერენტული ქვეყნების მიერ არჩეულ რეფერენტულ ქვეყნებს. ამ ფასებიდან ყველაზე დაბალი ფასით დადგინდება რეფერენტული საბითუმო ფასი საქართველოსთვის“.
ამასთან, რეფერენტული საბითუმო ფასის დათვლის მეთოდოლოგიის მუხლს ახალი პუნქტები დაემატა, რომლის მიხედვითაც, მაღალი საზოგადოებრივი ან/და სახელმწიფოებრივი ინტერესის მქონე ფარმაცევტულ პროდუქტებზე საბითუმო რეფერენტული ფასი განისაზღვრება აღნიშნული პროდუქტის საიმპორტო ფასზე რეგრესული საბითუმო ფასნამატის დარიცხვით:
ა) აღიარებითი რეჟიმით პროაქტიულად რეგისტრირებულ მედიკამენტებზე შემდეგი წესით:
ა.ა) თუ საიმპორტო ფასი 10 ლარამდეა – მას ემატება 20% საბითუმო ფასნამატი;
ა.ბ) თუ საიმპორტო ფასი 10-იდან 20 ლარამდეა – მას ემატება 17% საბითუმო ფასნამატი;
ა.გ) თუ საიმპორტო ფასი 20-იდან 30 ლარამდეა – მას ემატება 15% საბითუმო ფასნამატი;
ა.დ) თუ საიმპორტო ფასი 30-იდან 50 ლარამდეა – მას ემატება 13% საბითუმო ფასნამატი;
ა.ე) თუ საიმპორტო ფასი 50 ლარი ან მეტია – მას ემატება 10% საბითუმო ფასნამატი;
ბ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტებზე შემდეგი წესით:
ბ.ა) თუ საიმპორტო ფასი 20 ლარამდეა – მას ემატება მაქსიმუმ 40% საბითუმო ფასნამატი;
ბ.ბ) თუ საიმპორტო ფასი 20-იდან 50 ლარამდეა – მას ემატება 35% საბითუმო ფასნამატი;
ბ.გ) თუ საიმპორტო ფასი 50 ლარი ან მეტია – მას ემატება 30% საბითუმო ფასნამატი.
bm.ge




