გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის, ელენე ღუბიანურის განცხადებით, ბოლო პერიოდში განხორციელებული რეორგანიზაციის საფუძველზე, გარემოს ეროვნულ სააგენტოს, გარდა ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური დაკვირვებების, ბუნებრივი საფრთხეების იდენტიფიცირების, ჰაერის, წყლის და ნიადაგის ხარისხის მონიტორინგის, კლიმატზე დაკვირვების და ასევე, ამინდის პროგნოზის ფუნქციებისა, გარემოს დაცვის სფეროში ავტორიზაციის მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვანი საქმიანობა დაემატა.
„2024 წლიდან ავტომობილებისთვის მოქმედებს ემისიის ევრო ხუთის სტანდარტი. გარემოს ეროვნული სააგენტო გასცემს გამონაბოლქვის მიმართულებით დადგენილი ნორმების და სტანდარტების შესაბამისობის დასკვნას. სააგენტოს მიერ სტანდარტთან შესაბამისობის დადასტურების შემდგომ, მომსახურების სააგენტო ავტომობილების რეგისტრაციას ახდენს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ახალ ფუნქციებში შედის ქვეყანაში ნარჩენების კლასიფიკაცია, იდენტიფიცირება, რეციკლირება და დამუშავება, ქვეყნიდან გარემოზე ნაკლები ზემოქმედების გარეშე ექსპორტი, შიდა ტრანსპორტირება, რომელიც ექვემდებარება რეგისტრაციას და სპეციალურ ნებართვას. სააგენტო განიხილავს წარმოდგენილ დოკუმენტებს, რათა მიანიჭოს ნებართვა ნარჩენების შემომტან, გამტან და გადამამუშავებელ კომპანიებს და პირებს“, – განაცხადა ელენე ღუბიანურმა.
სააგენტოს უფროსმა წყლის რესურსების მართვის დეპარტამენტის შექმნასთან დაკავშირებითაც ისაუბრა, რომლითაც საქართველო კიდევ უფრო უახლოვდება ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივას,
რომლის ვალდებულება ქვეყანას ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმებით აქვს აღებული.
„სამრეწველო ემისიებთან მიმართებაში, რომელიც სააგენტოს, ასევე ახალ ფუნქციებში შედის, იზრდება სტანდარტები, იქმნება ინტეგრირებული ნებართვის მოდელი, რომლითაც საქმიანობის განმახორციელებლებს განესაზღვრებათ ისეთი ღონისძიებების გატარება, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, რომელიც ხელს შეუწყობს ემისიების შემცირებას და უზრუნველყოფს ჩვენი გარემოს ნაკლებად დაბინძურებას ინდუსტრიული სექტორის მხრიდან. აღნიშნული ცვლილებები კიდევ უფრო გამჭირვალეს გახდის პროცესს და უზრუნველყოფს საზოგადოების და ყველა დაინტერესებული მხარის მაქსიმალურ ჩართულობას“, -აღნიშნა გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა ელენე ღუბიანურმა.
ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს




