შსს-ს კანონპროექტით, პოლიციის აკადემიას საბაკალავრო პროგრამის განხორციელება შეეძლება

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, მის დაქვემდებარებულ პოლიციის აკადემიას საბაკალავრო პროგრამის დანერგვაც შეეძლება. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.
უწყება საწყის ეტაპზე გეგმავს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის სამწლიანი საბაკალავრო პროგრამის განხორციელებას.
კანონპროექტით:
· პოლიციის აკადემიის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისთანავე სტუდენტს მიენიჭება უმცროსი სპეციალური წოდება – რიგითი;
· კურსდამთავრებულს – საშუალო სპეციალური წოდება – ლეიტენანტი;
· სწავლის პერიოდი სტუდენტს ნამსახურობაში ჩაეთვლება.
„სტუდენტები უზრუნველყოფილნი იქნებიან საჭირო ინვენტარითა და სასწავლო მასალით, კვებითა და შესაბამისი უნიფორმით. აკადემიის სტუდენტებს სწავლის პერიოდში შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ საერთო საცხოვრებლით და პოლიციელისთვის გათვალისწინებული სოციალური და სამართლებრივი გარანტიებით“, – აცხადებენ სამინისტროში.
ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიას მხოლოდ პროფესიული განათლების მიცემა შეეძლო. აკადემიისთვის უფლებამოსილების გასაზრდელად აუცილებელია „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები შევიდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

პიტერ სიიარტო – კახა კალაძემ არჩევნებში დიდი სხვაობით გაიმარჯვა, რაც ცხადად მოწმობს, რამდენად კმაყოფილია თბილისის მოსახლეობა მისი საქმიანობით – ვთხოვ, თუ აქვს დრო, ჩვენს მერს ბუდაპეშტში ლექციები ჩაუტაროს