სამოქალაქო ავიაციის სააგენტო – ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონოდ გახსნილი აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით ფრენა არ შესრულებულა

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აცხადებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონოდ გახსნილი აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით ფრენა არ შესრულებულა.
როგორც სააგენტო განმარტავს, ვრცელდება მიზანმიმართული დეზინფორმაცია გარკვეულ სოციალურ გვერდებზე, რომლის მიხედვით, მიმდინარე წლის 28 ნოემბერს ავიაკომპანია „აზიმუტმა“ რეისი შეასრულა სოხუმიდან თბილისის მიმართულებით, რაც არის www.flightradar24.com-ზე შეცდომით დაფიქსირებული მონაცემები.
სააგენტოს ცნობით, მიმდინარე წლის 28 ნოემბერს ფრენა შესრულდა მინვოდიდან თბილისის მიმართულებით (AZO6153) ავიაკომპანია Azimuth-ის მიერ.
„აღნიშნული რეისი წარმოადგენს მრავალჯერად, არარეგულარულ რეისს, რომელიც მინვოდი – თბილისი – მინვოდის საჰაერო ხაზზე სრულდება შესაბამისი ნებართვის საფუძველზე. აღნიშნულ ფრენასთან დაკავშირებული დეტალები, რეისის ნომერი, საჰაერო ხომალდის სარეგისტრაციო ნომერი და სხვა მონაცემები ასახულია ფრენის გეგმაში.
გვსურს გაითვალისწინოთ, რომ კომერციული ფრენების რეალურ დროში თვალთვალისთვის გამოყენებულ სხვადასხვა ინტერნეტ-პლატფორმებზე მოძიებული მონაცემები შესაძლოა შეიცავდნენ სხვადასხვა ცდომილებებს, შესაბამისად, დაინტერესებულ პირებს თუ მედიასაშუალებებს მოვუწოდებთ, ინფორმაციის გავრცელებამდე მონაცემები გადაამოწმონ უფლებამოსილ უწყებებთან.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით და კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონოდ გახსნილი აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით ფრენა არ შესრულებულა. სოხუმის აეროპორტიდან, რომელიც ქართული მხარის მიერ დაკეტილია 1993 წლიდან, ფრენების განხორციელება წარმოადგენს როგორც საერთაშორისო საავიაციო ნორმების, ისე საქართველოს კანონმდებლობის (კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ) უხეშ დარღვევას. სოხუმის აეროპორტი არ არის სერტიფიცირებული საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ. საჰაერო მიმოსვლის განხორციელება უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული აეროდრომის ვარგისობის სერტიფიკატის არმქონე აეროპორტიდან, გარდა იმისა, რომ წარმოადგენს კანონმდებლობის დარღვევას, საფრთხეს უქმნის საავიაციო და მგზავრთა უსაფრთხოებას. შესაბამისად, ასეთი უკანონოდ ამოქმედებული აეროპორტიდან ფრენაზე ნებართვა არ და ვერ იქნება გაცემული საქართველოს საავიაციო ხელისუფლების მიერ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.