შალვა პაპუაშვილი 2024 წლის 28 ნოემბრის მოვლენებზე – ამ პარლამენტს 90-იან წლებში ესროლეს ზარბაზნები, ზუსტად იგივე სცენა გაიმეორეს 2024 წელს – ძალადობა იყო პოლიციის წინააღმდეგ, პარლამენტში შემოჭრის მცდელობა იყო, გადაწვის

კიდევ კარგი ქვეყანა გადარჩა უარეს შედეგს. პოლიცია კორექტულად იქცეოდა-ძალადობა იყო პოლიციის წინააღმდეგ, პარლამენტში შემოჭრის მცდელობა იყო, გადაწვის. ამ ძალადობას სჭირდებოდა გამკლავება, მოძალადეების დაშოშმინება,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, 2024 წლის 28 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, 2024 წელს გაიმეორეს იგივე სცენარი, რაც 34 წლით წინ, ამ ქვეყანაში ხდებოდა, კერძოდ, „როგორ ესროდნენ პარლამენტის შენობას ზარბაზნებს და ავტომატებს“.
„ამ პარლამენტს, 90-იან წლებში ესროლეს ზარბაზნები. 34 წლის წინ, ამ ქვეყანაში პარლამენტის შენობას იმავე ადგილიდან ესროდნენ ზარბაზნებს და ავტომატებს, ზუსტად იგივე სცენა გაიმეორეს 2024 წელს. თქვენ ამის არათუ დანახვა არ გინდათ, თვალებს იბრმავებთ. კიდევ კარგი ქვეყანა გადარჩა უარეს შედეგს. პოლიცია კორექტულად იქცეოდა. ძალადობა იყო პოლიციის წინააღმდეგ, პარლამენტში შემოჭრის მცდელობა იყო, გადაწვის. როდესაც ეს ხდება არა ლოკალური მოვლენა იყო, არამედ ეს პირდაპირ გარედან ხდებოდა ზეპირი და სიტყვიერი მხარდაჭერით. გვესმოდა განცხადებები, მიდით, ქართველებო, თქვენს გვერდით ვართ, ეუბნებოდნენ მოძალადეებს. ამ ძალადობას სჭირდებოდა გამკლავება, მოძალადეების დაშოშმინება. ასეთ დროს არის ექსცესები, როდესაც შესაძლოა მოხდეს ძალის გადაჭარბება, ან გარკვეული დაზიანებები. მიმართეთ -ს და პროკურატურას, ისინი გაგცემენ პასუხს“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, გავა წლები და ამ პერიოდს და ამ ჯგუფს „გავიხსენებთ მწარე ირონიით, თუ როგორ მოხდა ადამიანების გარკვეული ჯგუფის ზომბირება და ტვინის გამორეცხვა სიყალბით“.
„1 წელი ვაკვირდებით სიყალბეს. ბრიუსელი ბიუროკრატია მისი ფინანსური რესურსებით, პროპაგანდისტული რესურსებით ცდილობს, რომ ამით ტვინი გამოურეცხოს მის საქართველოში დაქირავებულ ორგანიზაციებს თუ მიმდევრებს.
გავა წლები და ამ პერიოდს და ამ ჯგუფს ადამიანებისას გავიხსენებთ, გავიხსენებთ იმ მწარე ირონიით, თუ როგორ მოხდა ადამიანების გარკვეული ჯგუფის ზომბირება და ტვინის გამორეცხვა სიყალბით, ეს სიყალბე როგორ მოძრაობდა ევროკავშირის დროშით თბილისის ქუჩებში“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.