პორტუგალიაში კვადრატულ მეტრზე საცხოვრებლის ფასმა ისტორიაში პირველად 2000 ევროს გადააჭარბა, – ამის შესახებ პორტუგალიის ეროვნული სტატისტიკის ინსტიტუტის (INE) მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებშია ნათქვამი.
ლისაბონის რეგიონი ქვეყანაში ყველაზე ძვირი რჩება.
ციფრები ეხება 2025 წლის ოქტომბერს, როდესაც საცხოვრებლის საშუალო საბანკო შეფასება კვადრატულ მეტრზე 2,025 ევრო იყო, რაც წინა თვის მაჩვენებელზე 30 ევროთი მეტია.
ოქტომბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდამ 17.7% შეადგინა, იგივე მაჩვენებელი სექტემბერშიც დაფიქსირდა.
ოქტომბერში დაახლოებით 33 900 საბანკო შეფასება ჩატარდა. ეს 2.8%-ით მეტია სექტემბრის მაჩვენებელზე და 2.9%-ით ნაკლებია 2024 წლის ოქტომბრის მაჩვენებელზე.




