სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 375 700-ით განისაზღვრა, რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 743 300 ერთეული შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა შემცირდა 5.7 პროცენტით, ხოლო მათ მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 0.9 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ამასთან, საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის მესამე კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 799.9 ათასით განისაზღვრა, რაც 6.9 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ვიზიტორების უმრავლესობა, 36.3 პროცენტი, 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, ქალების რაოდენობა კი ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 57.8 პროცენტს შეადგენდა.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 38.7 პროცენტი თბილისის მცხოვრებია, 15.4 პროცენტი მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 9.6 პროცენტი — აჭარის ა/რ-ზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები შედარებით დაბალი წილებით არის წარმოდგენილი.
ანგარიშის მიხედვით, 2025 წლის მესამე კვარტალში ვიზიტების უმრავლესობა (49.3 პროცენტი) განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით.
საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა იმერეთის რეგიონში (საშუალოდ 352.3 ათასი ვიზიტი თვეში) და თბილისში (საშუალოდ 307.0 ათასი ვიზიტი თვეში). მესამე ადგილზეა აჭარა – 263 ათასი ვიზიტით, ხუთეულში შედის – კახეთი – 143.3 ათასი ვიზიტით და შიდა ქართლი – 140.6 ათასი ვიზიტით.
ამასთან, საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის მესამე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 399.5 მილიონი ლარით, რაც 2.8 პროცენტით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, ერთ ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი შემცირდა 1.9 პროცენტით და 229.1 ლარს გაუტოლდა.




