კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ “ფარმასი” და “პიქსელ ტაჩი” დააჯარიმა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „ფარმასი“ და შპს „პიქსელ ტაჩი“ უწყების მიერ დადგენილი ვალდებულებების არშესრულების გამო დააჯარიმა. კერძოდ, სააგენტოს ცნობით, შპს „ფარმასს“ 4 269,7 ლარი, ხოლო „პიქსელ ტაჩს“ 11 859,5 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა.
“მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჯარიმის დაკისრება მოვაჭრეს სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს. ასევე, დაჯარიმების პროცედურას უწყება ახორციელებს მას შემდეგ, რაც დარღვევის დადასტურების შემდეგ – კომპანია მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით გაცემულ ვალდებულებებს არ შეასრულებს”, – იტყობინება საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო.
უწყების ცნობით, ორივე კომპანიის შემთხვევაში, სააგენტოს გადაწყვეტილების საფუძველზე მოვაჭრეებს ევალებოდათ – 1 თვის ვადაში მომხმარებელთა დარღვეული უფლებების აღდგენა და თავისი სავაჭრო წესებისა და პირობების კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა.
ინფორმაციისთვის: მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 2022 წლის 1 ნოემბრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, 578 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც 340 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო. აღნიშნულ პერიოდში, სააგენტოს გადაწყვეტილებით, დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 56 დარღვევის ფაქტი, ხოლო 7 შემთხვევაში არ დადასტურდა. საანგარიშო პერიოდში, მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 98 შეთანხმება გაფორმდა.
bm.ge კონკურენციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით კომპანიებთან დაკავშირებას ცდილობს.