ირაკლი ალასანიას კომპანიამ ყოფილი კინოსტუდიის ადგილზე ცათამბჯენის ახალი პროექტი მოამზადა

თბილისში ყოფილი კინოსტუდიის ადგილზე ცათამბჯენის ახალი პროექტი მომზადდა. ინფორმაცია კომპანია x-architecture-მ საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა. საიტზე წარმოდგენილია ასევე პროექტის რენდერები, ინფორმაციის თანახმად, პროექტის მთლიანი ფართობი 32,000 კვადრატული მეტრია.
ყოფილი კინოსტუდიის ტერიტორიაზე დეველოპერული პროექტის განვითარებას კომპანია „სოდი ინვესტმენტი“ ჯერ კიდევ 2023 წლიდან ცდილობს, პირველადი პროექტის მიხედვით, ტერიტორიაზე 44 სართულიანი ცათამბჯენი უნდა განთავსებულიყო.
ბიზნეს რეესტრის მიხედვით, კომპანია „სოდი ინვესტმენტი” 2017 წელს ფრანგული საინვესტიციო ფონდ Guibor-ის მიერ დაფუძნდა. კომპანიის დირექტორის თანამდებობას კი ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია იკავებს.
ბიზნესრეესტრის მონაცემებით, ირაკლი ალასანია რამდენიმე კომპანიის დირექტორია, მათ შორისაა საინვესტიციო და დეველოპერული კომპანია „კინორი“ და „სოდი ინვესტმენტი“. აღნიშნული საინვესტიციო კომპანიის დამფუძნებელია ფრანგი ბიზნესმენი დომინიკ რომანო, რომლის უძრავი ქონების საინვესტიციო კომპანია Guibor-ი საქართველოში პროექტებს 2018 წლიდან ახორციელებს. ჯგუფის ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტია თბილისში ყოფილი კინოსტუდიის ადგილზე მრავალფუნქციური კომპლექსის განვითარება, ასევე დაგეგმილია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ 150-ნომრიანი სასტუმროს და სავაჭრო ცენტრის განვითარება.
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ვებგვერდის მიხედვით, კინოსტუდიის ყოფილი პავილიონი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს. შესაბამისად, პროექტის მიხედვით, კინოსტუდიის პავილიონის შენობა შენარჩუნდება და ახალი ცათამბჯენი მის მიმდებარედ აშენდება.