მარსის ქვიშებში მოხეტიალე მავალმა პასუხი გასცა დიდი ხნის კითხვას: ელავს თუ არა მარსზე თუ ის არავის ესმის, მაინც აქვს თუ არა ხმა?
NASA-ს მავალ პერსევერანსის ჩანაწერებში, პირველად ისტორიაში, მეცნიერებმა გამოავლინეს ელექტრული განმუხტვა, რომელიც მარსის მტვრის მოვლენებსა და მტვრის ქარბორბალებში მოხდა; თანაც არა ერთხელ, არამედ 55-ჯერ მარსის ერთი წლის განმავლობაში.
მტვრიანი ამინდი, რომელშიც ეს მოვლენები მოხდა, გვიჩვენებს იმ კონკრეტულ გარემო პირობებს, რომლებიც საჭიროა ელექტრობის წარმოსაქმნელად მარსის თხელ, მშრალ ატმოსფეროში; ამის შესახებ დიდხანს ეჭვობდნენ, მაგრამ პირდაპირ დოკუმენტირებული აქამდე არასოდეს ყოფილა.
ითვლება, რომ ელვა წარმოიქმნება მაშინ, როდესაც ატმოსფეროში ტურბულენტური პირობები ნაწილაკებს ერთმანეთს აჯახებს, აბზრიალებს და აჩენს მუხტს. თანდათანობით იმდენი მუხტი გროვდება, რომ სადმე უნდა წავიდეს — ამ დროს ხდება განმუხტვა.
დედამიწაზე ელვა ყველგანაა და ჩვენს პლანეტაზე ერთ-ერთი ულამაზეს ამინდს წარმოქმნის.
ყველაზე ხშირად ის ძლიერ არის დაკავშირებული წყლის ორთქლის ღრუბლებთან, მაგრამ სინესტე სულაც არაა საჭირო. მაგალითად, ელვა წარმოიქმნება ვულკანის მიერ ამოფრქვეულ ფერფლსა და კვამლშიც.
ელექტრული განმუხტვისთვის საჭირო მუხტს გამოიმუშავებს ქვიშის შტორმებიც კი, რომლის მშრალი სილიკატური ნაწილაკებიც არა გამტარი, არამედ გაუმტარია.
მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ ასეთივე მექანიზმი უნდა არსებობდეს მარსზეც, მიუხედავად იმისა, რომ მისი ძირითადად ნახშირორჟანგისგან შედგენილი ატმოსფერო დედამიწისაზე გაცილებით თხელი და მშრალია.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ელვა დაფიქსირებულია იუპიტერსა და სატურნზეც, სავარაუდოდ კი ნეპტუნსა და ურანზეც; ყველა ეს პლანეტა დედამიწისგან ძლიერ განსხვავდება. ღია კითხვად რჩება ელვა ვენერაზე.
მოდელები მიუთითებს, რომ თუკი მარსზე ელექტრული განმუხტვა ხდება, ეს ძირითადად ზედაპირთან ახლოს უნდა იყოს, სადაც ატმოსფერული წნევა ყველაზე მაღალია.
საბედნიეროდ, მარსზე რამდენიმე აქტიური მავალი გვყავს და ერთ-ერთ მათგანს, პერსევერანსს აქვს ინსტრუმენტი, რომელსაც ელვის ნიშნების დაფიქსირება შეუძლია.
მკვლევართა ჯგუფმა ტულუზის უნივერსიტეტის პლანეტური მეცნიერის, ბაპტისტ შიდის ხელმძღვანელობით, შეისწავლა მავალ პერსევერანსის SuperCam მიკროფონის მიერ შეგროვებული მონაცემები; ამ მოწყობილობას შეუძლია ჩაიწეროს ხმის მონაცემები და ელექტრომაგნიტური ინტერფერენცია.
შეისწავლეს მიკროფონის 28-საათიანი ჩანაწერი, რომელშიც ეძებდნენ პლანეტის მტვრის ქარბორბალებში ელექტრული განმუხტვის ნიშნებს.
ასე იპოვეს 55 მოვლენა, რომელთაგან შვიდს სრულად აღენიშნებოდა გამორჩეული, ელექტრული განმუხტვის ხელწერა. პირველად ინსტრუმენტს ჩაწერილი აქვს მოკლე, მკვეთრი ელექტრული სიგნალი, რომელიც წარმოქმნილია ელექტრომაგნიტური ინტერფერენციით მაშინ, როცა ელექტრული განმუხტვა იხლართება მიკროფონის გაყვანილობაში. ამ ხმას მოსდევს მოდუნება, რაც დაახლოებით რვა მილიწამს გრძელდება.
შვიდი მოვლენა, რომელიც პერსევერანსმა სრულად აღბეჭდა, დასრულდა ელექტრული განმუხტვის გაცხელებითა და მის გარშემო ჰაერის გაფართოებით შექმნილი პაწაწინა ხმოვანი გრუხუნის აკუსტიკური ხელმოწერით — პატარა ჭექა-ქუხილით.
ვრცლად პირველ არხზე




